საქართველოს ახალი პარლამენტი, დარჩენილი მანდატების გარშემო ვნებათაღელვა, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის და სხვა მრავლის შესახებ JNEWS-ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

2-3 თვეა, რაც ოპოზიციის ბოიკოტი და დაპირისპირება გრძელდება, პოლიტიკური კრიზისი ვერანაირად ვერ დალაგდა, რატომ გრძელდება ასე დიდხანს, რა მიზნის მიღწევა სურს ოპოზიციას და აღწევს, თუ არა ამ მიზნებს?

ოპოზიცია იძულებული იყო გაეპროტესტებინა, იმის გათვალისწინებით, რაც ბევრ საარჩევნო უბანზე ხდებოდა. იქ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. მაგალითად, “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს ესხმოდნენ მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს, თქვენს კოლეგებს. გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიის დროს 17 მლნ ლარი მიიღო, შემოწირულობების 50%-ზე მეტი მათთან ბიზნესმენების მხრიდან მოდიოდა. კომპანიები თვითონ წყვეტენ ვის შესწირონ თანხა, შემდეგ ისინი იგებენ ტენდერებს. ოპოზიცია იძულებული იყო არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა. დიახ, მათ სურდათ ევროპას ენახა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების ფალსიფიკაცია მოახდინა.

შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გამოვიდა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ევროპული სტრუქტურა, მათ შორის, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, აღმოსავლეთის ქვეყნები, ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ შევიდეს პარლამენტში და ზუსტად პარლამენტის შენობაში გაუწიოს წინააღმდეგობა მთავრობას და არა ქუჩაში. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციას ნაწილობრივ გამოუვიდა, რადგან ბევრი იმ ფაქტს ამართლებს, რომ ოპოზიცია პრინციპულობას ინარჩუნებს, ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და არც შედიან. მაგრამ ზოგისთვის ეს მიუღებელია, ზოგიერთი უკმაყოფილებას გამოხატავს, ამბობს, რომ მათ ოპოზიციურ პარტიებს ხმა იმ მიზნით მისცეს, რომ მათი ინტერესები წარმოადგინონ საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში. ახლა ეს ნაწილიც უკმაყოფილოა.

რატომ არ წავიდა “ოცნება” დათმობაზე და კომპრომისზე?

“ოცნებას” არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა, შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. მე არა მხოლოდ არჩევნებს ვგულისხმობ, არამედ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც საქართველოში არჩევნებამდე არსებობდა. მათ ფინანსების მოსაპოვებლად, აქტივისტების გასააქტიურებლად ყველაფერი გააკეთეს, მერე, თითქოს ამომრჩევლების მოსყიდვის საკითხი. ზოგადად “ოცნებას” დათმობა არაფერში სურდა, რადგან ის მზად არ არის ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის შესაძლებლობა აღიაროს. 2012 წელს, ჩვენ ვიცით, რომ წინა ხელისუფლებამ დაუთმო. არის კიდევ ივანიშვილის ფაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი “ქართული ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, ივანიშვილი საქართველოში ვერ დარჩება, იძულებული იქნება ქვეყანა დატოვოს. ის მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს.

მაგრამ ოპოზიციაც არ არის ერთიანი, განხეთქილება “ალიანსში”, “გირჩში”, აქ ერთმანეთს ამბიციები ეწინააღმდეგება თუ სხვა რამ?

ოპოზიცია ძირითადად ერთიანია, რადგან ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩის” ნაწილი, პარტია “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია”, – ისინი საკუთარ პოზიციას ინარჩუნებენ. ისინი იცავენ პარლამენტში არშესვლის საერთო პოზიციას. ოპოზიცია ძირითადად ერთიანია, თუკი არის ცალკეული უთანხმოებები, ისინი ეხება სტრატეგიას, ტაქტიკას, მაგრამ მთავარ საკითხში ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, ეს ცალკეული ადამიანები არიან, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ოპოზიციაში უმცირესობას წარმოადგენენ.

რატომ გადაწყვიტა “ალიანსიდან” ოთხმა დეპუტატმა მთელი პარტიის წინააღმდეგ წასვლა და პარლამენტში შესვლა. მათ შექმნეს საკუთარი პარტია და პარლამენტში შევიდნენ, როგორც “ევროპელი სოციალისტების” პარტიის დეპუტატები. მათ საკუთარი ბიზნესის გამო ეშინოდათ? ცნობილია, რომ ისინი მსხვილი ბიზნესმენები არიან.

დიახ, ისინი, პირველ რიგში, ბიზნესმენები არიან. თქვენ სწორად აღნიშნეთ, არა პოლიტიკოსები. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მნიშვნელოვანი სახსრები ჩადეს იმაში, რომ “პატრიოტთა ალიანსს” ერთპროცენტიანი ბარიერი გადაელახა და პარლამენტში შესულიყო. მათ აქვთ ბიზნესი და ახლა ზუსტად პარლამენტარის დამატებითი სტატუსის მოპოვება სურთ. ისინი პირველ რიგში ბიზნესმენები არიან და არა პოლიტიკოსები, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი მოცულობის სახსრები ჩადეს, უნდა იყვნენ პარლამენტში. ვფიქრობ, ისინი პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდნენ.

პარლამენტში ოფიციალურად უკვე არის ოპოზიცია, ის არ არის ერთპარტიული, მაგრამ შეიძლება თუ არა ის რეალურად სრულფასოვნად ჩაითვალოს?

სამწუხაროდ, მსგავსი პარლამენტი ვერ განიხილება სრულუფლებიან, სრულფასოვან პარლამენტად, რადგან ამ შემთხვევაში, თუკი, რამდენიმე ადამიანი შედის პარლამენტში, ეს არ იქნება ის ოპოზიცია, რადგან მთავარი ოპოზიცია პარლამენტს ფარგლებს გარეთ რჩება. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ეს არ იქნება სრულფასოვანი პარლამენტი, რამდენიმე ოპოზიციონერი შედის, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მრავალპარტიული პარლამენტია.

როგორ გავიგოთ ის, რომ “ოცნება” ოპოზიციონერებისთვის პარლამენტში “სამსახურს” ეძებს, რადგან ისინი წარმოადგენენ უმცირესობას და ფრაქციაში ვერ იქნებიან?

“ოცნებას” თითქოს უნდა დაგვანახოს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ინტერესებს პატივს სცემს, რომ საკუთარი დემოკრატიული ხედვა აქვს და თითქოს მას მაქსიმალურად სურს ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინება.

– პანდემიასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებული სიტუაცია, ამან დივიდენდი “ოცნებას” მოუტანა, თუ ოპოზიციას?

ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, აქ ქვეყანა ზარალდება, რადგან მსოფლიო ბანკის შეფასების თანახმად, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 6-7%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა ამისა, ჩვენ ვიცით ლარი დოლარისა და სხვა ვალუტების მიმართებით, როგორ უფასურდება. დაეცა ცხოვრების დონე, დაზარალდა ქვეყანა. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მოიგო. ხელისუფლებამ მოიგო იმით, რომ ზაფხულში, სექტემბრამდე მმართველი პარტია კორონავირუსს უმკვლავდებოდა და პრემიერ-მინისტრ გახარიას რეიტინგი გაიზარდა, გაძლიერდა. მეორე მხრივ, ამჟამად, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება, ხალხის უკმაყოფილება იზრდება, თუკი თავის დროზე ბევრი წარმატებას აღიარებდა, ახლა ბევრი საწინააღმდეგოზე საუბრობს. ეს ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაა.