<
“ყოველწლიურად ახალგაზრდული ცენტრი წმინდა სარგისის, – ახალგაზრდების და სიყვარულის მფარველის, დღესასწაულს აღნიშნავს. ღონისძიებაში 15 წელს ზემოთ ასაკის ახალგაზრდა მონაწილეობს. ცენტრში ჩვენ მარილიან კვერებს ვაცხობთ, ვფუთავთ და ერთად ტაძარში კურთხევაზე მიგვაქვს. უკვე ნაკურთხ კვერებს ტაძარში, ახალგაზრდებს ვურიგებთ. ჩვენი მიზანია, არ დავივიწყოთ ეს მშვენიერი სადღესასწაულო ტრადიცია”, – ამბობს ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, კარინე თადევოსიანი.
დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრისას ახალგაზრდული ცენტრის აღმზრდელებმა პედაგოგებისა და დირექტორის თანხლებით მარილიანი კვერები ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში მიიტანეს და სადღესასწაულო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.
სურბ სარგისის დღესასწაული სომხეთში და საქართველოში აღინიშნა. კერძოდ, ჯავახეთის სომხურენოვანმა მოსახლეობამ ეს დღე, არა მხოლოდ საეკლესიო რიტუალებით და ლოცვებით, არამედ ეროვნული ტრადიციების დაცვით იზეიმა. მაგალითად, სურბ სარგისის დღესასწაულის წინა ღამით ახალგაზრდა გოგონები ძილის წინ მარილიან ბლინებს ჭამენ იმის მოლოდინში, რომ სიზმარში საბედოს ნახავენ. ამ დღის ერთ-ერთი ტრადიცია ასევე არის – “პოხინძი” (ტკბილეული შემწვარი ხორბლის ფქვილისგან) თეფშზე, ან ჯამზე, რომელიც სახურავზე ან ფანჯრის რაფაზე უნდა დატოვო და დაელოდო, რომ სურბ სარგისმა მისი ცხენის ჩლიქების კვალი დატოვოს. ტრადიციის თანახმად, იმ ადამიანს, ვისთანაც წმინდანი საკუთარ კვალს დატოვებს, იმ წელს დიდი წარმატება ელოდება.
ბევრი მომლოცველი სურბ სარგის ზორავარის სახელობის ტაძარში მიდის ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ამ დღეს ატარებენ.