საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანთან გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ტონოიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.
„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ხვალ კი, შეხვედრები შედგება საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და სომხეთის რესპუბლიკის კათოლიკოს-პატრიარქთან გარეგინ მეორესთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.
სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან შეხვედრებით დაასრულებს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.