ახალციხეში საქართველოს პორტიჯის ასოციაცია 2017 წლიდან ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას, რომლის მიზანია 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობა, მათი გაძლიერება, განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2021 წლიდან კი ცენტრს უკვე ჰყავს სომხურენოვანი სპეციალისტი, რომელიც პორტიჯის ასოციაციამ სპეციალურად გადაამზადა იმისთვის, რომ სომხურენოვანმა ბავშვებმა და მათ ოჯახებმა პროგრამაში ჩართვა და მომსახურების თავიანთ ენაზე მიღება შეძლონ.

2020 წლამდე პორტიჯის ასოციაცია ახალციხეში ყოველწლიურად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 20-მდე ბავშვს და მათ ოჯახებს უწევდა მომსახურებას, რომელთა უმეტესობა ქართულენოვანი ოჯახებიდან არიან.

ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამის მიზანია ადრეულ ეტაპზე საჭირო დახმარების გაწევა იმ ბავშვისა და მისი ოჯახისათვის, რომელებსაც აღენიშნება განვითარების შეფერხება, აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა ან მისი განვითარების რისკი. პროგრამის მთავარი იდეაა, ბავშვმა მიიღოს მომსახურება და განივითაროს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარები მისთვის ბუნებრივ გარემოში (ოჯახში, საბავშვო ბაღში და სხვა).

საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ცენტრი ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე World Vision საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრი, ასევე, უზრუნველყოფს განვითარების რისკის მქონე ბავშვების პირველად შეფასება/კოსულტაციას.