სოფელი ალასტანის მცხოვრები კულიკიან ევგინე ცდილობს შეინახოს და მომავალ თაობას გადასცეს ის, რაც ძველი თაობებისგან მიიღო – ტრადიციული ძველი საცხოვრებელი – ოდა.

ევგინე ბებია აქტიური ნაბიჯებით გვატარებს ძველ სახლში. მართალია მას აქ, არ სძინავს, მაგრამ ცდილობს ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს იქაურობა. პატარა ოთახს ორივე მხრიდან ამოშენებული აქვს ხის ტახტები, რომელსაც თანამედროვე ფერადი ბალიშები და თანამედროვე გადასაფარებლები ალამაზებს. შუაში შეშის ღუმელია. მართალია ხის ტახტები შეღებილია, მაინც აბსოლუტურად ახალია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოთახს, საცხოვრებლად არ იყენებენ.

ода1

“გაზაფხულზე, ყველა ბალიშს და გადასაფარებელს ვრეცხავ, ოდას ვალაგებ და ყველაფერს მის ადგილას ვაწყობლ. ვინახავ ისე, როგორც შემიძლია. ბოსელს საკუჭნაოდ ვიყენებთ, ოდაში ვისვენებთ, კარტს ვთამაშობთ. ძველადაც აქ, მრავალწევრიანი ოჯახები თამაშობდნენ, ისვენებდნენ, ატარებდნენ საღამოებს”, – ამბობს იგი.

მსგავს ოდებში, ძველად, ერთ ოთახში 6 ადამიანზე მეტს ეძინა. ოთახის მთლიან სიგრძეზე განთავსებული იყო განიერი ტახტები, საფეხურის მსგავსად. ყველაზე საზრიანები ზედა საფეხურებს იკავებდნენ. იქ, უფრო თბილოდა და შენს ლოგინზე სხვები არ აბიჯებდნენ ფეხს. ახლა ალასტანში, ძალიან ცოტაა ისეთი ოჯახები, სადაც 2 ადამიანზე მეტი ცხოვრობს. ახალგაზრდები გაემგზავრნენ, ასაკოვანი ხალხი ზამთარში ახლობლებთან მიდის, ხოლო ზოგი რჩება. ევგინე ბებია მალე, შვილთან წავა, სომხეთში, გაზაფხულზე კი, ოდის დალაგებას დაიწყებს.

ода6

სოფელი ალასტანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილიდან ერთ-ერთი შორს მდებარე სოფელია. მისი მოსახლეობა, კათოლიკე სომხები 1828 წელს (ზოგიერთი მონაცემით 1829 – 1830 წწ. ) აღმოსავლეთ სომხეთის სოფელ არცატიდან ჩამოვიდნენ. ახლა სოფელში 183 ოჯახია, ერთ დროს სოფელში 350 ოჯახი – 2780 ადამიანი ცხოვრობდა. ოჯახები დიდი იყო, ამბობენ თითო ოჯახში 8-9 სული იყოო. სოფლის მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევს.

“წელიწადი ისე გავა, ერთი ქორწილი არ იქნება, მხოლოდ დაკრძალვა. ზოგჯერ თვეში სამი დაკრძალვა გვაქვს”, – ამბობს მოსახლეობა.

ода2
ოდა ძველი საცხოვრებელი ადგილია, რომელიც იმისთვის გამოიგონეს, რომ ჯავახეთის ცივი ზამთარი გადაეტანათ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გათბობის ცივილიზებული სისტემები არ არსებობდა, გადაწყვიტეს ცხოველებთან ახლოს ეცხოვრათ, რათა სითბოში ყოფილიყვნენ. ოდას საძილე ნაწილი აუცილებლად ბოსლის გვერდით უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ბოსელი უფრო დიდი იყო, ვიდრე საძინებელი. საძინებელში სინათლე ჭერზე საფეხურების მსგავსი ხვრელის დახმარებით აღწევდა.

ода3

ევგინე ბებია 82 წლისაა და თავის ასაკთან შედარებით ძალიან აქტიური და ენერგიულია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ, რამდენიმე დღეა თავს ცუდად გრძნობს. ამის გაგონებაზე ძალიან შევწუხდით, მაგრამ ბებიამ გვიპასუხა:

“სტუმრები მყავს, სხვანაირად ვერ ვიქნები. სტუმარი უნდა მიიღო და ღირსეულად გააცილო“.

ода8

მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთის ბევრ სოფელში, ოდა მუდმივ საცხოვრელად გასული საუკუნის შუა ხანებში გამოიყენებოდა, დღეს მათ იშვიათად შეხვდებით. ევგინე ბებიას ოდაში 2 საუკუნე შეერწყა ერთმანეთს, ფერადი ბალიშები და გადასაფარებლები, ლამფები, ღუმელი, თანამედროვე უთო…

ევგინე კულიკიანს 2 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს. მეუღლე 27 წლის წინ გარდაეცვალა. მას შემდეგ მარტო ცხოვრობს და ზამთარში შვილთან მიდის.

ევგინე ბებია ინახავს და უფრთხილდება ოდას, ის ინახავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას. სანამ ის ცოცხალია, იცოცხლებს ოდაც.