იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სასწავლო პროცესს 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, წინასწარ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

იმაზე, თუ რა პერიოდულობითა და სიხშირით ჩატარდება ტესტირება, პროტოკოლზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი არ გავრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.

“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და განსაზღვრა, თუ სკოლებში ვინ, როდის და რა რაოდენობით ადამიანმა უნდა გაიაროს ტესტირება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სკოლებს უახლოეს მომავალში მივაწვდით. შესაბამისად, ისინი ამ პროცესის ორგანიზებას შეძლებენ. რა პროტოკოლიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამ ეტაპისთვის შემუშავდება, სამი ქალაქის – თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, ყველა სკოლას მოიცავს. ეს სამუშაო პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები სწავლას რეალურ სივრცეში, საკლასო ოთახებში განაგრძობენ. მათივე გადაწყვეტილებით, სკოლებში უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.