საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე:

აზარტული თამაშები და ლატარია;
ონლაინ თამაშები;
დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
ინტერნეტ მარკეტინგი;
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
ტურისტული მომსახურება;
ქსელური მარკეტინგი;
ქველმოქმედება;
საკონსულტაციო მომსახურება;
პოლიტიკური პარტიები;
უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.