მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მონაცემები იმაზე, თუ მათი პროგნოზით, როგორი იქნება 2021 და 2022 წელს მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკური ზრდა. მათი გამოთვლებით, მსოფლიო ეკონომიკა წელს შეიძლება 4%-ით გაიზარდოს, თუმცა მნიშვნელოვანი პირობა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის წარმატებული ვაქცინაცია იქნება.
როგორც ამერიკის ხმა გადმოსცემს, მოსალოდნელია, რომ ამერიკული ეკონომიკა წელს 3,5%-ით გაიზარდოს. ევროზონის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება 3,6%-ით გაიზარდოს, მაშინ, როცა იაპონიის პროგნოზი 2,5%-ს შეადგენს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს ანალიტიკოსები მშპ-ს შემცირებას ვარაუდობენ, არის ბელორუსი. უფრო მეტ ზრდას ეკონომისტები ვარაუდობენ უზბეკეთში (4,3%), ყირგიზეთში (3,8%) და საქართველოში.
2021 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდა 2,6%-ის დონეზე არის მოსალოდნელი. სომხეთის მშპ 2020 წელს 8,0-ით შემცირდა, ექსპერტების პროგნოზით, 2021 წელს ის 3,1%-მდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს 4,5%-მდე. საქართველოს მშპ-მ ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველამ, 2020 წელს 6,0%-ით ვარდნა განიცადა, თუმცა ექსპერტების პროგნოზით წლეულს 4,0%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს 6,0%-მდე.