საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გაამკაცრა შეზღუდვები, ამავე დროს ითქვა, რომ 2021 წლის 16 იანვრიდან ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში თანდათანობით დაუბრუნდებოდა. დღეისთვის, საქართველოში, მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც ქუჩაში გასვლას კრძალავს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს, სავაჭრო ობიექტები (გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა), სპორტული დარბაზი, საცურაო აუზები და ფიტნეს ცენტრები დაიკეტა. აკრძალულია რესტორნების, კაფე- ბარების, ღამის კლუბების მუშაობა. ასევე, შეზღუდულია სათხილამურო კურორტების მუშაობა.