დღეს, 10 იანვარს, ახალქალაქში, სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში ფონდმა, “ჯავახკმა“, რომელმაც საქმიანობა მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან დაიწყო, წარადგინა პროექტი, თუ რა მიმართულებით გაანაწილებენ ფინანსებს, რომელიც ფონდში ჯავახეთის მოსახლეობამ და დიასპორამ გადარიცხა.
სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში მოსახლეობის მცირედი ნაწილი შეიკრიბა, ძირითადად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახსრების შეგროვებაში მონაწილეობდნენ.
ფონდის წარმომადგენლები ყვებოდნენ, რა მიმართულებით წარიმართა შეგროვებული თანხა, და ყველა მსურველს დოკუმენტაციის გაცნობა შესთავაზეს, რომელიც ამის დამამტკიცებელი იყო. თანხის დიდი ნაწილი ფონდმა სრულიად სომხეთის ფონდს გაუგზავნა, დანარჩენი ნაწილით კი გადაწყდა, მთიანი ყარაბაღის ომში დაზარალებული მოსახლეობისა და დაჭრილი სამხედრო პირების დახმარება.
“ძალიან დიდი თანხა შეგროვდა. დაახლოებით 24 000 აშშ დოლარი. თავიდან 4000 ლარობით გზავნიდნენ, ამ თანხით საკვებს ვყიდულობდით და გაჭირვებულებს ვურიგებდით. სიაში დაახლოებით 8-9 ათასი ადამიანი გვყავს. ეს ის ადამიანებია, ვინც ომის დროს ყველაფერი დაკარგა. ძირითადად გადრუტიდან. ამის შემდეგ გადაწყვეტილი იყო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დახმარება, რომლებიც ჯავახეთიდან იყვნენ. თავიდან 35 ოჯახი იყო, ახლა უკვე 60. 35 ოჯახს დახმარება დავურიგეთ, დარჩა 25 ოჯახი და თანდათან ემატება, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა მეგობრებმა პეტერბურგიდან კიდევ შეაგროვეს თანხა და უნდოდათ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გადაეცათ, მაგრამ ჩვენ ამ თანხის დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დარიგება გადავწყვიტეთ, თითოეულს 40 000 რუსული რუბლი და ჩვენ განვაგრძობთ ამის გაკეთებას. უკვე 7 დაჭრილ ჯარისკაცს მივეცით, 10 ადამიანის თანხა შეგროვდა. ჩვენ ძალიან გვენდობიან და თანხას გვიგზავნიან, ევროპიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ასევე, ადგილობრივები განაგრძობენ,” – ამბობს ფონდ “ჯავახკის” დამფუძნებელი, კარენ პაპიკიანი.
ომში ბევრმა ჯარისკაცმა ხელი, ან ფეხი დაკარგა, მიიღეს დამწვრობა… ფონდმა მათი დახმარების ხერხიც გამონახა.
“თანამედროვე პროთეზები ექნებათ. გარკვეულ თანხას ჩვენ ამ პროგრამაში ჩავდებთ. ამ პროგრამაში მონაწილეობს სერჟ ტანკიანი და სავარაუდოდ კიმ კარდაშიანიც. ჩვენ ჯავახეთის მცხოვრებლების პროთეზს დავაფინანსებთ. 3 ადამიანი უკვე გვყავს. ჩვენ თვითონ ვნახულობთ მათ, სათხადან ფიდანიან სარგისი, მას ხელი და ფეხი არ აქვს, ის ამ პროექტში ჩავრთეთ, რათა ჩვენი თანხით ამ ბიჭს პროთეზი გავუკეთოთ. არის სოფელ უჯმანადან ბიჭი, მას ხელი არ აქვს, ისიც ჩავრთეთ. ამ დღეებში სომხეთში წასვლას ვაპირებ, ის ბიჭი უნდა ვნახო, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, არ მახსოვს, საიდან არის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ვარკვევთ, ჩვენი პირდაპირი ეთერების დახმარებით, ისინი შემდეგ ჩვენ გვიკავშირდებიან. არა მარტო ჯავახებს ვეხმარებით. არიან ბიჭები, რომლებიც ფოსფორმა დაწვა, მათ შორისაც არიან ჯავახები, არ შეგვეძლო არ დავხმარებოდით. სინდისი გვაწუხებს, პირველ რიგში,” – ამბობს ფონდის დამფუძნებელი კარენ პაპიკიანი.
შეხვედრაზე გადაწყდა, ჯავახეთის მოსახლეობის მიერ შეგროვილ დარჩენილ საკვებს, რომელსაც სომხეთში ვეღარ გზავნიან, განურჩევლად ეროვნებისა ჯავახეთის მოსახლეობას დაურიგებენ. ასევე, ჯავახეთში ფონდის ფილიალის დარეგისტრირების იდეა წამოიჭრა, რათა სამომავალოდ, ჯავახეთის გაჭირვებულებს დაეხმარონ ისევე, როგორც ახლა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ეხმარებიან.