აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.
აზარტული თამაშების საკითხი საქართველოში აქტუალური შარშან, მას შემდეგ გახდა, რაც 2 ახალგაზრდა ადამიანის თვითმკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო აქციები მოთხოვნით, შეწყდეს აზარტული თამაშების რეკლამირება, შეიზღუდოს ონლაინკაზინოებზე წვდომა, დაწესდეს ასაკობრივი ცენზი.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსული შემოსავალი ბანკის შემოსავლებსაც კი უსწრებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 7 ონლაინკაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6 400 სათამაშო აპარატი არსებობს. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა თამაშდამოკიდებულების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ საქართველოში 700 000 ადამიანია თამაშდამოკიდებული, ანუ ყოველი მეხუთე მოქალაქე.
ფინანსთა მინისტრს აზარტული თამაშებით გამოწვეულ პრობლემებზე კითხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუსვეს და დაინტერესდნენ, როგორია ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
„ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არის მარტივი, კანონპროექტი მომზადებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ და ბუნებრივია, პოზიცია დადებითია. ზოგადად, აღნიშნული სექტორის რეგულირება უცხო არ არის და ეს გამომდინარეობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებთან, როგორიცაა: ფულის გათეთრების რისკები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ასეთი რისკებისგან მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად წარმოიშვა, კერძოდ, იმ მიმართულებით – იმაზე მეტად რეგულირებული უნდა იყოს თუ არა სექტორი, ვიდრე ეს კანონპროექტით არის გათვალისწინებული. სწორედ ამას უკავშირდება კანონპროექტზე საკმაოდ ხანგრძლივად გამართული სამუშაო პროცესი”, – აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობდა, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდებოდა საზოგადოებისთვის. კერძოდ, გადადის არალეგალურ სივრცეში და არათუ ვერ ხდება დასახული მიზნის მიღწევა, კიდევ უფრო მეტ ზიანს იწვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების იმ ოქროს შუალედის მონახვა, რითაც მიიღწევა დასახული მიზნები და თავიდან იქნება აცილებული ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალის ზრდა.
“თუ უფრო დეტალურად შევალთ ამ შინაარსში, შემიძლია გამოვყო არაერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ჩვენივე მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები აისახება კანონმდებლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო მაგიდა და სხვა მსგავსი გასართობი თამაშები 2005 წლიდან რეგულირდება “ლატარეისა და აზარტული თამაშების შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, კაზინოს ან სათამაშო მაგიდების კლუბის გახსნა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. იგივე ეხება ონლაინ-კაზინოების შემთხვევაშიც, რომლებიც არაფრით არის შეზღუდული.
კანონი კაზინოებში შესვლას 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის კრძალავს. სათამაშო აპარატებს რაც შეეხება, ისინი 18 წლიდან ხელმისაწვდომია. თუ ადამიანი ზრდასრული არ არის ვერ დარეგისტრირდება ონლაინკაზინოში.
2017 წელს ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონი, რათა აზარტული თამაშებისგან რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეცვათ. მაშინ პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, აზარტული თამაშების დაწესებულებაში არ დაიშვება 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე და 18 წლამდე ასაკის უცხოელი. კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.
გარდა ამისა, კანონში გაჩნდა ცნება “თამაშდამოკიდებული ადამიანი”, რომლებსაც აეკრძალებათ აზარტული თამაში. დეპუტატებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს და ის საბოლოო სახით დამუშავებისთვის ფინანსთა სამინისტროში დააბრუნეს.
მინისტრის მოსაზრებით ეს საკმაოდ რთული საკითხია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული ისეთი ნეგატიური ფაქტორი, როგორიც არის კრიმინალის ზრდა.