ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით 34 ტენდერი გამოცხადდა. ტენდერებზე ვაჭრობის შედეგად ეკონომიამ 212 123 ლარი შეადგინა.
ყველა ტენდერზე, ერთის გარდა, ვაჭრობის დროს თავდაპირველი თანხა შემცირებული იყო.
ყველაზე მცირე თანხა- 122 ლარი, მუნიციპალიტეტმა ხიდის სარემონტო სამუშაოებზე დაზოგა, რომელიც ქალაქს ძველ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს. 132 ლარი დაიზოგა სოფლებში საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციის ტენდერებზე. 140 ლარი სოფელ ალასტანის სასმელი წყლის წყალსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიზოგა, 165 ლარი სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღის წყალსადენი მილისა და სოფელ ოლავერდის სკოლის წყალსადენი მილის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული საერთო ტენდერიდან შემორჩა.
ტენდერებზე დაზოგილი ყველაზე დიდი თანხა 43 550 ლარს შეადგენდა. ეს ეკონომია ლომატურცხი-ბურნაშეთი-ღადოლარი გზის რეაბილიტაციის პროექტის შედგენის ტენდერზე მოხერხდა. 39 309 ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის სცენის შეძენის ტენდერზე დაიზოგა. 22 030 ლარი ბიუჯეტმა ვიდეოკამერებისა და მათი მომსახურების შეძენის ტენდერზე დაზოგა. 19 999 ლარი- სოფლის გზების კეთილმოწყობის ტენდერზე დაიზოგა.
მუნიციპალიტეტმა მხოლოდ სოფლის გზებისა და ახალქალაქის ქუჩების თოვლისგან დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერზე ვერ მოახერხა დაზოგვა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხა 100 000 ლარის ოდენობის იყო და არ იყო შემცირებული, რადგან ტენდერში მხოლოდ ერთი მონაწილე “ჯავახ ავტო გზა” იყო.
ტენდერებზე დაზოგილი თანხა სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეა მიმართული.