საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა, ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის პირველი პროცედურაა, რომელიც ცესკომ სამ დღეში უნდა დააკმაყოფილოს.

„დღევანდელი დღეც მართლაც შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ ბუნებრივია, ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად, არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ ვაგრძელებთ ამ იურიდიულ პროცედურას, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ პარლამენტში.

ჩვენ შემოვიტანეთ დღეს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ სახელით განცხადება, რომლითაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას.

თუ ჩვენ ახლა მივმართავდით განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, გაიხსნებოდა სია და შემდგომ უკვე პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით დანარჩენ 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილი ყოფილიყო „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხრიდან. ახლა, როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებსაც აღარ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მხოლოდ ის 36 დეპუტატი, რომლის უფლებამოსილებაც ძალით ცნეს და შემდეგ უკვე ის 36 დეპუტატი მიმართავს პარლამენტს განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და ამით იურიდიულად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი.

დაახლოებით სამ სამუშაო ვადაში უნდა დაკმაყოფილდეს პროპორციული სიის ჩახსნის მოთხოვნა ცესკო-ს მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოსცემს, ავტომატურად ჩახსნილი იქნება სია, დაახლოებით 17-ში კი ჩვენ, პარლამენტის წევრები (რომელთა უფლებამოსილება დღეს ძალით ცნეს) მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილ იქნას. პარლამენტს აქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.