ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მიტოვებულ სახლებშია განთავსებული, სადაც არავინ შედის, ოთახები არ ნიავდება, ხოლო წიგნები ლპება და ფუჭდება. ისინი ტვირთად აწევს ყოფილ ბიბლიოთეკარებს, რომლებმაც არ იციან, რა გააკეთონ.
იყო დრო, როდესაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 89 ბიბლიოთეკა მუშაობდა. თითოეულ სოფელს საკუთარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, იყო სოფლები, სადაც ორი ბიბლიოთეკაც კი ფუნქციონირებდა. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სოფლის ყველა ბიბლიოთეკა დაიკეტა. ბიბლიოთეკების წიგნების ფონდი სოფლებში დარჩა. ზოგიერთ სოფელში წიგნების ფონდი სკოლებს გადასცეს, მაგალითად, ჩამძვრალაში, კიროვაკანში, გომანში. თუმცა, ამ ფონდის მიღების შესაძლებლობა ყველა სოფლის სკოლას არ ჰქონდა. ზოგიერთს წიგნებისთვის საკმარისი ფართი არ აქვს, ამიტომ ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა წიგნები სახლში წაიღეს, ზოგმა სოფელში მიტოვებული სახლები ნახა და წიგნები იქ გადაიტანა.
ბიბლიოთეკარების შეთავაზებაზე, გადაეცეს წიგნის ფონდი ახალქალაქის ბიბლიოთეკების ფონდს (ცენტრალური ბიბლიოთეკა) მუდამ უარი მოდიოდა. უარის მიზეზი არის ის, რომ არ არის ფართი სადაც ფონდის შენახვა გახდება შესაძლებელი. 89 სოფლის ბიბლიოთეკიდან, ბიბლიოთეკების გაერთიანებას წიგნის ფონდი მხოლოდ ორმა სოფელმა ჩააბარა. ესენი არინ სოფელი ბავრა და მარტუნი.
2000-იანი წლების დასაწყისში 16 სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. ეს შემდეგი სოფლებია- გოგაშენი, კუმურდო, ვაჩიანი, დილისკა (2 ბიბლიოთეკა), კარტიკამი, არაგვა, კოთელია, ორჯა, ხანდო, ალასტან, ბალხო, ზაქვი, ბარალეთი, იხტილა და ბურნაშეთი. თუმცაღა, აღნიშნულ სოფლებში ყველა ბიბლიოთეკა ნორმალურ მდგომარეობაში როდია.
სახლებში მოთავსებული წიგნის ფონდები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს სახლები წლებია დაკეტილია, არ იღება და არ ნიავდება. სინესტის გამო წიგნები დაობდა, დალპე და გაფუჭდა.
სოფელი ხორენია- ერთ-ერთი სოფელია, სადაც ბიბლიოთეკარმა აშხენ კირაკოსიანმა ბიბლიოთეკის წიგნის ფონდი წაიღო სახლში და სარდაფში მოათავსა. პროდუქტებთან და სახლის ძველ ჭურჭელთან ერთად წიგნების თაროებია, რომელიც ფუჭდება, წიგნების ყდებზე სათაურების წაკითხვაც კი შეუძლებელი გახდა.
ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ სოფელში იქირავა სახლი, მაგრამ როგორც კი ქირის გადახდა შეწყვიტეს, მეიჯარეებმა ადგილის გათავისუფლება მოითხოვეს, ხოლო ბიბლიოთეკების გაერთიანებამ წიგნის ფონდი უკან აღარ დაიბრუნა, თქვეს, რომ ადგილი არ აქვთ. ამის გამო, აშხენ კირაკოსიანი წიგნებს საკუთარ სარდაფში 1995 წლიდან ინახავს. ფართს იყენებს “ბიბლიოთეკად” და სარდაფად.
სოფელ ხორენიის წიგნის ფონდში წიგნების 5000 ეგზემპლარი იყო.
“15 კვ.მ. სარდაფი და წიგნების 5000 ეგზემპლარი. წიგნები სინეტსის გამო გაფუჭდა, 30 წელია უკვე ასე ვინახავთ. ისეთი სუნი აქვს, რომ იქ შესვლა შეუძლებელია, თუმცა ვცდილობთ დასუფთავებას, რაფიდან შუშა მოვხსენით და ბადე გავაკარით, რომ ადგილი განიავდეს. 30 წელია თეკლეს (ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი) წიგნების წაღებას ვთხოვთ, მათ უკვე ობი მოედოთ, დასახელების ამოკითხვა და წიგნის ცნობა შეუძლებელი ხდება”,- ამბობს აშხენ კირაკოსიანი.
ახალქალაქის მუნუციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, მან ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვა სოფლის წიგნის ფონდისთვის ადგილის გამოყოფა, რათა ეს წიგნები გადაიტანონ და გადაარჩინონ, თუკი ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა JNEWS-ს უთხრა, რომ ეს ფონდი უკვე დაძველდა და მისი გადარჩევაა საჭირო. ნაწილი, ალბათ, უკვე მაკულატურად იქცა, ხოლო დარჩენილი ნაწილის ახალქალაქში წამოღებაა საჭირო.
“ეს წიგნები უკვე დაძველდა. მთელ საქართველოში დღეს ბიბლიოთეკების საკითხი პრობლემატურია, ჩვენ საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს შევხვდით და გავიგეთ, რომ ეს პრობლემა ყველგან არის. დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტენეტის საუკუნეში, ბიბლიოთეკები თანდათან ქრება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მასშტაბურ ქვეყნებში, და მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთ მუნიციპალიტეტების მასშტაბითაც. მე ვფიქრობ, რომ შეიქმნება ცენტრები, სადაც იქნება კომპიუტერები. იმ ფორმატში, რომელიც ახლაა, შეუძლებელია შენახვა და გაგრძელება”,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.
ასეა, ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ვინ იფიქრებდა, რომ წიგნებს, რომლებიც სომხური და საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდს შეადგენდა, ადგილი ვეღარ მოენახებოდა.