ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დასრულება 2020-2021 სასწავლო წლისთვის იგეგმება.

სკოლის შენობის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო, ამჟამად მშენებლობა გრძელდება.  ბანერზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სკოლის მშენებლობისთვის “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” 1.905 230 ლარი გამოყო. სამუშაოებს კომპანია Element Construction and Design -ი ახორციელებს.

სოფელი ჩუნჩხის სკოლის დირექტორ ემზარ პაპიძის თქმით, სკოლა სექტემბერში მზად იქნება. ამჟამად სკოლაში 91 მოსწავლე სწავლობს, მათგან 28 სოფელი პტენიდან დადის. მალე ყველა მოსწავლე ერთ სკოლაში ივლის.

Shkola 1

 

ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია იქნება. ასევე, დირექტორის, ბუღალტერიისა და ექიმის კაბინეტები.

როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, ახალ სკოლაში ასევე იქნება არქივის, ბიბლიოთეკის, ბუფეტის ცალკე ადგილები, სანიტარია სადეზინფექციო კარადებით და დასვენების ზონა.

შეგახსენებთ, 2016 წლის 1 ნოემბერს ახალქალაქის რაიონის სოფელი ჩუნჩხის საჯარო სკოლაში იყო ხანძარი. ჩუნჩხის ქართული სკოლა ორი შენობისგან შედგებოდა: ძირითადი შენობა (რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მდებარეობდა) და ფინური ხის სახლი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. ამის შემდეგ, მოსწავლეთა ნაწილი სოფლის ადმინისტრაციის შენობაში განაგრძობდა სწავლას.

მეზობელი სოფლის, პტენის მოსწავლეები ჩუნჩხის საჯარო სკოლაში დადიან. სოფელ პტენის სკოლა ავარიულია, რამდენიმე წელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აკრძალა გაკვეთილების ჩატარება აღნიშნულ შენობაში. სოფელ ჩუნჩხაში სწავლა ორ ცვლად მიმდინარეობს. პირველ ცვლაში გაკვეთილები სოფელი ჩუნჩხის მოსწავლეებისთვის ტარდება, ხოლო მეორე ცვლაში – პტენის.