არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩავთვალოთ, ჰანტავირუსი გახდება მორიგი კორონავირუსის ან გრიპის მსგავსი ეპიდემიის წყარო, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ არსებობს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, ჰანტავირუსის კონკრეტულად ეს შტამი, რომელმაც საკრუიზო ლაინერზე იფეთქა და ძირითადად, ფილტვის დაზიანების კლინიკური შემთხვევებით მიმდინარეობს, საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა.
მისივე განმარტებით, ამ ტიპის ვირუსის გავრცელების ძირითადი არეალი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია.
„პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჰანტავირუსი არ წარმოადგენს ერთი ტიპის ვირუსს. იგი ორი განსხვავებული კლინიკური ფორმით ვლინდება. პირველი მათგანი ხასიათდება თირკმლის დაზიანებით და სამედიცინო ლიტერატურაში ეს დაავადება ცნობილია, როგორც ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).
რაც შეეხება მეორე ფორმას, რომელზეც ამჟამად არის საუბარი და რომლის აფეთქებაც დაფიქსირდა, იგი ძირითადად, ფილტვების დაზიანებას იწვევს. ამ დაავადებას ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) ეწოდება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თირკმლის დაზიანებით მიმდინარე ჰანტავირუსის ფორმა ძირითადად, ევროპასა და აზიაში, მათ შორის საქართველოშიც ფიქსირდება.
რაც შეეხება ვირუსს, რომელმაც ამჟამად გემზე გამოიწვია აფეთქება, იგი წარმოადგენს შტამს, რომელიც მეტწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინასა და ჩილეშია გავრცელებული.
ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის (კარდიოპულმონური სინდრომის გამომწვევი) ვირუსი აქამდე დაფიქსირებული არ არის.
ფილტვების დაზიანების გამომწვევი ვირუსის ძირითად რეზერვუარსა და გავრცელების კერას სწორედ სამხრეთ ამერიკის ის ქვეყნები წარმოადგენს, საიდანაც დაიწყო გემზე დაფიქსირებული ამჟამინდელი აფეთქება.
კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ საქართველოში აღნიშნული ტიპის ვირუსის არსებობა არ გვიფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოში ყოველწლიურად ჰანტავირუსის 30-40 შემთხვევას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გავრცელებული ფორმა, რომელიც უპირატესად თირკმელებს აზიანებს, ლეტალობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება – სიკვდილიანობა 1%-დან მაქსიმუმ 15%-მდე მერყეობს.
ამის საპირისპიროდ, ფილტვის დაზიანებით მიმდინარე კარდიოპულმონური სინდრომი გაცილებით მძიმე ფორმაა, რომლის დროსაც ლეტალობამ შესაძლოა, 30-40%-საც მიაღწიოს.
შესაბამისად, ვირუსი, რომლის აფეთქებაც ამჟამად გემზე ფიქსირდება, გაცილებით მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე საქართველოში გავრცელებული ტიპი.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ რატომ მიიჩნევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ აღნიშნული ვირუსი არ შეიძლება იყოს პანდემიის ან მასშტაბური ეპიდემიის წყარო.
დაავადების იშვიათობასთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს მისი გადაცემის გზაც. ინფექციის გავრცელებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი, ახლო და მჭიდრო კონტაქტი დაავადებულთან, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს. ეს ვირუსი არ ხასიათდება ჰაერწვეთოვანი გზით ადვილად გადაცემის უნარით, რაც მას რადიკალურად განასხვავებს კორონავირუსისგან და თუნდაც, ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრიპის ვირუსისგან.
ასევე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ე.წ. „გადაცემის ფანჯარა“ – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ინფიცირებულმა პირმა შესაძლოა ვირუსი ჯანმრთელ ადამიანს გადასცეს. თუ გრიპისა და კორონავირუსის შემთხვევაში პაციენტი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე და მათი გამოჩენიდან სულ მცირე 4-5 დღის განმავლობაში, ჰანტავირუსის შემთხვევაში ეს დრო ძალიან ხანმოკლეა. როგორც წესი, ადამიანი ვირუსის გამავრცელებელია სიმპტომების გამოვლენიდან მხოლოდ პირველი 24, მაქსიმუმ კი 48 საათის განმავლობაში.
მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტის აუცილებლობა გადაცემის ასეთ მოკლე ფანჯარასთან ერთად, თეორიულად შეუძლებელს ხდის, ჰანტავირუსის პანდემიის წყაროდ ქცევას. ამ ვირუსს უბრალოდ არაქვს უნარი, გახდეს სერიოზული, მრავალრიცხოვანი აფეთქებას ან ეპიდემიის წყარო“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კითხვის საპასუხოდ, ქვეყანაში ინტენსიური ტურისტული ნაკადების შემოსვლის შემთხვევაში, არსებობს თუ არა რისკები, ვირუსი საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდეს, ჩხაიძე აცხადებს, რომ ასეთი საფრთხეები ნაკლებ სავარაუდოა.
„ეს ალბათ, დიდწილად დამოკიდებულია ისევდაისევ იმაზე, თუ საიდან მოდის საკრუიზო ლაინერი. მოცემულ შემთხვევაში, კრუიზი არგენტინიდან დაიწყო, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ჰანტავირუსის ერთ-ერთი აქტიური კერაა.
საყურადღებოა, რომ როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის და სავარაუდოდ, ეს შემდგომ კვლევებითაც დადასტურდება, ცოლ-ქმარი, რომელიც პირველი პაციენტები იყვნენ, არგენტინაში სპეციალურად გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.
ტერიტორია, რომელიც მათ დაკვირვებისთვის შეარჩიეს, ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობდა, სადაც ვირთხებისა და სხვა მღრღნელების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება.
შესაბამისად, იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამ მოგზაურობის დროს დაინფიცირებულიყვნენ, არის ძალიან მაღალი.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კრუიზზე 147 ადამიანი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1-ელი აპრილიდან მოყოლებული, ერთ თვეზე მეტხანს იყვნენ ერთად, კლინიკურად საეჭვო მხოლოდ 8 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ლაბორატორიულად დადასტურდა 3.
რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული შანსი, რომ საქართველოს მოქალაქე მოხვდეს მსგავს კრუიზზე, სადაც იქნება პირი, რომელსაც არგენტინაში მღრღნელებთან ჰქონდა კონტაქტი და შემდეგ სხვები დააინფიცირა. ამის ერთეული შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ არასწორია საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას ამის გამო რაღაც სერიოზული რისკი დაემუქროს…
უპირველეს ყოვლისა, საფრთხე თავად არგენტინას უნდა დამუქრებოდა, რომელიც ამ ვირუსის რეზერვუარია, თუმცა იქაც კი არ ფიქსირდება დიდი მოცულობის აფეთქებები. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველო რაიმე საფრთხის ქვეშ იყოს, თუნდაც ინტენსიური ტურისტული ნაკადების შემთხვევაში, ნამდვილად არასწორი იქნება.
არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩავთვალოთ, ეს გახდება მორიგი კორონავირუსის ან გრიპის მსგავსი ეპიდემიის წყარო, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არსებობს“, – აცხადებს ჩხაიძე.
ცნობისთვის, საკრუიზო გემ Hondius-ზე, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, დაახლოებით, 150 მგზავრი იმყოფებოდა. გემი არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე გარდაიცვალა.