6 მაისს, წყალდიდობის გამო, სოფელ კორხის სარწყავი წყლის წყალშემკრები ნაგებობა დაინგრა, რამაც ნათესების დატბორვა გამოიწვია. იმ მომენტში მოსავლის დანაკარგის ან ნათესებისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი დათვლა შეუძლებელი იყო, რადგან წყლის დინება არ წყდებოდა და წინ მიიწევდა.

სოფელ კორხში მერის წარმომადგენლის წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა დაზიანდა, ხოლო 5 ჰექტარი დათესილი ფართობიდან მოსავალი წყალმა წაიღო.

სოფელ კორხის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ნაკვეთებს ფლობენ, ბევრ სახნავ-სათესამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, ბევრი მათგანი აცხადებდა, რომ სტიქიამდე ორიოდე დღით ადრე კარტოფილის თესვა დაიწყეს და წყლის ნაკადმა თესლი მინდვრებიდან გარეცხა.

დღეის მდგომარეობით, დაკარგული მოსავლის შესახებ საბოლოო მონაცემები არ არსებობს, თუმცა ხელთ გვაქვს მიახლოებითი გათვლები. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება.

სოფელ კორხში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიყენებული ზიანის მასშტაბების დადგენა ჯერჯერობით რთულია. თუმცა, მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს, რადგან კარტოფილის დასათესად უზარმაზარი თანხები დახარჯეს.

„მთლიანობაში წყალმა დაახლოებით 100–120 ჰექტარი მიწა დაფარა. შესაძლოა, თუ მიწა გაშრება, მისი აღდგენა მოხერხდეს. დაზიანდა დაახლოებით 40 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა. 5 ჰექტარი დათესილი ფართობიდან კი მოსავალი წყალმა წაიღო. რაც შეეხება მოსავალს, იქ, სადაც წყლის ნაკადი ძლიერი არ იყო და პირდაპირ არ გადაუვლია, ნათესები ნაკლებად დაზიანდა — იქ ძირითადად ქერი და მარცვლეული იყო დათესილი. ხოლო იქ, სადაც წყალმა პირდაპირი, ძლიერი ნაკადით გადაუარა, კარტოფილი იყო დარგული — იქ ყველაფერი წაიღო“, — ამბობს მერის წარმომადგენელი გარნიკ განდილიანი.

მისივე თქმით, დანგრეულ აუზს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მიმდებარე სოფლების მეცხოველეობისთვის, ისე მიწათმოქმედებისთვის. „აუზი არის საქონლის დასალევებელი ადგილი კორხის, თოთხამისა და მაჯადიის მცხოვრებლებისთვის. ასევე, სარწყავ სეზონზე მას ყველა იყენებს, ვინც ახლოს თესავს. მე თავადაც ამ აუზით ვრწყავ ჩემს ყანას, ისევე როგორც ბევრი სხვა. არ ვიცი, დათესავენ თუ არა ამ მიწაზე ხელახლა. ჯერ უნდა გაშრეს, შემდეგ კი გასაწმენდი იქნება ლამისგან, რომელიც წყალთან ერთად გადმოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობას დაეხმარებიან“, — ამბობს გარნიკ განდილიანი.

Zatoplennie  polya - 1

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ წყალსატევს აღადგენენ, თუმცა დაზარალებული ფერმერების დახმარების შესაძლებლობა არ აქვთ. რეგიონში მოსავლის დაზღვევა აქტიურად არ გამოიყენება, მაშინ როცა ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა ყინვა ან სეტყვა, მუდმივად ხდება.

„რაც შეეხება წყალსატევს, სავარაუდოდ, ის წელსვე აღდგება. რაც შეეხება სხვა სახის დახმარებას, ამისთვის არსებობს კომისია, რომელმაც დაზარალებული სოფლის მცხოვრებლებისგან განცხადებები უნდა მიიღოს. განცხადებით მხოლოდ სოფლის რწმუნებულმა მოგვმართა. თუმცა, არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მონაცემები დაზიანებული ყანების შესახებ, ადგილზე ზიანის დათვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევძლებთ“, — განაცხადა ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, მნაცაკან პამბუხჩიანმა.