პატარა ქვეყანა, და მით უმეტეს რეგიონები, შეზღუდული პერსპექტივებისა და შესაძლებლობების განცდას ქმნის. აქ ნაკლებია მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია, იშვიათად ჩნდება მასშტაბური პროექტები, პროფესიული კონტაქტების წრე კი უფრო ვიწროა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელოვან უნივერსიტეტებზე. ხშირად ჩანს, რომ ზრდისა და თვითრეალიზაციისთვის აუცილებელია წასვლა -იქ, სადაც მეტი რესურსი, ხალხი და მოძრაობაა. თუმცა, რამდენად მარტივია ეს? ჩვენმა რესპონდენტმა, სიმონ ღარიბიანმა, რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბო.

სიმონ ღარიბიანი თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადა, თუმცა მისი წინაპრების ნაწილი წარმოშობით ახალციხიდანაა. იქ მათ საკუთარი სახლი აქვთ, სადაც სიმონი ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი და ერევნის (სომხეთი) დამოუკიდებელ სოციოლოგიურ კვლევათა ცენტრის მკვლევარია. მან თბილისში რუსული სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი დონი როსტოვში გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. 5-წლიანი სწავლის შემდეგ, 2012 წელს, მან უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა და „წითელი დიპლომი“ აიღო. იმავე წელს მან რუსეთში ასპირანტურაში უფასო სწავლებაზე (საბიუჯეტო საფუძველზე) ჩააბარა.

Moskva

2015 წელს, ყირიმის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთში უკვე იკვეთებოდა შეზღუდვები და სამოქალაქო საზოგადოებაზე, აზრისა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება, სიმონმა აირჩია თემა, რომელმაც მისი განათლება „ჩიხში“ შეიყვანა. მისი დისერტაციის გმირი გახდა პოლონელი მწერალი ჩესლავ მილოში. იმ პერიოდში, როდესაც რუსეთში რეჟიმმა გამკაცრება დაიწყო, ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული.

„დაიწყო იდეოლოგიის ჩამოყალიბება, სადაც სხვა ენები და სხვა ხმები აღარ ისმოდა. ასეთ კონტექსტში ჩემთვის საინტერესო იყო ის ადამიანები, რომლებიც მსგავს პირობებში წერდნენ და რამეს აკეთებდნენ. რადგან მე ასეთი გამოცდილება არ მქონდა და გაურკვეველი სიტუაცია იყო, მაინტერესებდა, რაზე წერდნენ ადამიანები კომუნისტურ პერიოდში. ამიტომაც ავირჩიე ის. ის არის პოლონელი დისიდენტი, მწერალი და პოეტი, რომელიც ძალიან საინტერესო ტექსტებს წერდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ის სასაზღვრო რეგიონშიც ცხოვრობდა. დაიბადა ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში. მაშინ ეს იყო ქალაქი, სადაც ბევრი თემი ცხოვრობდა – ლიეტუვური, პოლონური და ებრაული. თითოეული თემი ამ ქალაქს თავისებურად ეძახდა. ეს ნაწილობრივ მახსენებდა თბილისის სიტუაციასაც, სადაც ბევრი სხვადასხვა თემია და კოსმოპოლიტური გარემოა.

თუმცა, როგორც სიმონი მიიჩნევს, საქმე მხოლოდ „დისიდენტს“ არ ეხებოდა: იმ პერიოდში ის, დისერტაციაზე მუშაობის პარალელურად, უნივერსიტეტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლადაც მუშაობდა, სადაც ჩაატარეს კონფერენცია თემაზე – „პოლიტიკური ცინიზმი თანამედროვე რუსეთში“, თანაც ეს ყირიმის მოვლენების შემდეგ მოხდა. კონფერენციის დასრულებისთანავე, სხვადასხვა უწყებებიდან დაიწყო ზარები იმ ცენტრის დირექტორთან, რომელმაც ღონისძიება მოაწყო; ინტერესდებოდნენ შეხვედრის თემით, მონაწილეთა შემადგენლობითა და მისი ჩატარების მიზეზებით. დაახლოებით ორი თვის შემდეგ კი უნივერსიტეტიდან მოვიდა შეტყობინება რიგი ინსტიტუტების რეორგანიზაციისა და გაერთიანების აუცილებლობის შესახებ. შედეგად, ცენტრი სხვა ქვედანაყოფს შეუერთეს, რაც ფაქტობრივად შტატების შემცირებას ნიშნავდა: შვიდი თანამშრომლიდან ექვსს სამსახური უნდა დაეტოვებინა. ამგვარად, რეპრესიული ზომები ირიბად ხორციელდებოდა – არა პირდაპირი ბრალდებებით, არამედ ადმინისტრაციული პროცესების საფარქვეშ, როგორიცაა რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია ან ოპტიმიზაცია. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ვიზასთან დაკავშირებითაც: ფორმალურად, სიმონისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარი არ ყოფილა დაკავშირებული კონკრეტულ ქმედებებთან, მაგალითად, პუბლიკაციებთან ან ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში პროტესტის მხარდაჭერის გამო პოზიციის გამოხატვასთან.

ის საქართველოში დაბრუნდა.

ენები და შესაძლებლობები

როგორც სიმონ ღარიბიანი ჰყვება, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, სხვა პერსპექტივები და საჭიროებები გამოიკვეთა, მათ შორის – დამატებითი ენის ცოდნა.

„სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. ჩემი სამუშაო ენა მანამდე რუსული იყო. დავიწყე ინგლისურის სწავლა. წავედი ირლანდიაში. პროგრამა იყო „6 პლუს 2“. ეს არის ინგლისური ენის კერძო სკოლა, სადაც 6-თვიანი ენის შესწავლის ინტენსიური კურსია. პარალელურად, შეგიძლია კვირაში 15 საათი იმუშაო. შემდეგ კი 2 თვე გაქვს არდადეგები, რომლის დროსაც სრულ განაკვეთზე მუშაობის უფლება გაქვს. ეს კარგი იყო, რადგან ამ პერიოდში ახერხებდი სწავლასაც, მუშაობასაც და იქ ცხოვრებისთვის საჭირო ფულის გამომუშავებასაც. იქ კი ცხოვრება და ბინები ძვირია. ანუ, ასეთი შეღავათიანი რეჟიმი იყო. მე უბრალოდ გადავიხადე ამ კურსის საფასური და 2 წელი ირლანდიაში, დუბლინში ვცხოვრობდი და ინგლისურს ვსწავლობდი. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოდან ჩასული მიგრანტებისთვის თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. ვიყავი ინგლისურ-ქართული თარჯიმანი. ვეხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ და თავშესაფრის მაძიებლის (asylum seekers) სტატუსზე შეჰქონდათ განაცხადი. აეროპორტში ჩამოსვლიდან მოყოლებული, ბოლო ეტაპამდე – სასამართლო გადაწყვეტილებამდე, მე ამ ადამიანებს თან ვახლდი“.

Simon - 1

ევროპული განათლება

ამ პერიოდის განმავლობაში, ინგლისური ენის შესწავლის შემდეგ, სიმონი სხვადასხვა ორგანიზაციებში თარჯიმნად მუშაობდა.

„და მესამე, რასაც ვაკეთებდი – ვიყავი თავისუფალი მსმენელი დუბლინის უძველეს უნივერსიტეტში, Trinity College-ში. დავდიოდი კურსებზე, ლექციებსა და სემინარებზე ისტორიასა და რელიგიისმცოდნეობაში — იმაზე, რაც მაინტერესებდა. ამის შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, რადგან მივხვდი, რომ რუსული განათლება დიდად არ ფასობს და, გარდა ამისა, ის მართლაც სუსტია. ეს უბრალოდ ცა და დედამიწაა, თუ შევადარებთ ევროპულ, ამერიკულ და რუსულ განათლებას. მაგალითად, როდესაც გერმანიაში მაგისტრატურაზე წავედი, დილის 8 საათზე უნდა მივსულიყავი ბიბლიოთეკაში, რომ ადგილი მეპოვა. რუსეთში კი მიდიხარ ბიბლიოთეკაში – იქ საერთოდ არავინაა, გარდა იმ ქალბატონისა, რომელიც წიგნებს არიგებს“.

თუ წიგნი გჭირდება, შეგიძლია ბიბლიოთეკაში იპოვო. თუ ის შენს უნივერსიტეტში არ არის, გერმანიის ბიბლიოთეკების საერთო ასოციაციის მეშვეობით უკვეთავ და გიგზავნიან. ძალიან მოქნილი სისტემაა. რაც შეეხება სემინარებსა და ლექციებს – ეს, როგორც წესი, ძალიან აქტუალური, თანამედროვე თემები იყო: განვიხილავდით გენდერულ საკითხებს, თანამედროვე დრამას, თანამედროვე ლიტერატურას, კინოს და ასე შემდეგ. ამასთანავე, რუსეთში ძალიან ხშირად მეტი ყურადღება კლასიკას ეთმობოდა. აქ კი თქვენ მხოლოდ კი არ მსჯელობთ, არამედ იყენებთ თანამედროვე თეორიებსა და მეთოდოლოგიებს. გერმანიაში შემექმნა მკაფიო წარმოდგენა თეორიებზე, მეთოდებზე, თანამედროვე ნაშრომებზე და ა.შ.“

განათლების მიღების მაღალი დონის გარდა, ევროპული სისტემა ასევე იძლევა შესაძლებლობას, თავად გამოიმუშაო ამ განათლებისთვის საჭირო თანხა.

„ანალიზი ძალიან კარგია, პლუს მიდგომა იყო ინტერდისციპლინური. რუსეთში ეს იყო პოლიტოლოგია, იქ კი ვიღებდი კურსებს როგორც პოლიტოლოგიაში, ისე ისტორიაში, კულტურულ კვლევებში (cultural studies), კინოსა და ლიტერატურაში. გერმანიაში უფრო ჰიბრიდული მიდგომა იყო. გარდა ამისა, მქონდა DAAD-ის გრანტი, ვიღებდი სტიპენდიას, სწავლა უფასო იყო და მხოლოდ სემესტრული გადასახადი უნდა გადამეხადა – დაახლოებით 70 ევრო სემესტრში, რაც ძალიან ცოტაა. ამას ემატებოდა სამედიცინო დაზღვევა და მუშაობის უფლება. გაქვს უფლება იმუშაო კვირაში 15 საათი და ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ეს მცირე თანხაა, მაგრამ მასზე ცხოვრება შეგიძლია, – ჰყვება ის და ამატებს: – თანაც, გერმანიაში, პრინციპში, ყველაფერი არც ისე ძვირი ღირდა. წარმოიდგინეთ, ვცხოვრობდით პატარა ქალაქ პასაუში, ბინას 500 ევროდ ვქირაობდით, საკვებზე კი 300 ევრო მიდიოდა. ახალციხეში იმაზე მეტს ვხარჯავ, ვიდრე გერმანიაში. გერმანიაშიც ფრიადზე ვსწავლობდი, კარგი შედეგები მქონდა. ამის შემდეგ დავიწყე განაცხადების შეტანა ამერიკულ PhD (დოქტორანტურის) პროგრამებზე. ეს კოვიდის პერიოდი იყო და პროგრამების უმეტესობა დახურული დაგვხვდა“.

Simon - 1

გამოცდილება აშშ-ში და პოლიტიკის გამო დახურული შესაძლებლობები

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, სიმონმა სწავლის რამდენიმე მიწვევა მიიღო როგორც აშშ-დან, ისე კანადიდან. თუმცა, სწავლისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში დაბრუნება და განათლების დასრულება მან ვეღარ შეძლო — ამაში პოლიტიკა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული მზღუდავი გადაწყვეტილებები ჩაერია.

„მივიღე მიწვევა ტორონტოს უნივერსიტეტიდან სწავლის სრული დაფინანსებითა და 4-წლიანი სრული სტიპენდიით. ასევე მივიღე მიწვევები მიჩიგანის უნივერსიტეტიდან და USC-დან. ეს არის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტი, University of Southern California. იქაც იყო სამედიცინო დაზღვევის, სტომატოლოგიის, უნივერსიტეტის ხარჯების სრული დაფინანსება და პლუს სტიპენდია. ეს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია სპონსორობის სახით. მაგრამ როდესაც იქ წავედი, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და მალევე საქართველოში დავბრუნდი. ერთი წელი აქ, ახალციხეში ვისვენებდი, გასულ წელს კი ისევ მიმიწვიეს. კვლავ დავიწყე განაცხადების შეტანა. მივიღე მიწვევა ჰიუსტონის უნივერსიტეტიდან ისტორიის დეპარტამენტზე, ყველა ხარჯის სრული დაფინანსებით პლუს სტიპენდია, ანუ ხელფასი“.

მაგრამ ორჯერ ვცადე მოხვედრა. ორჯერ ვიყავი ამერიკის საელჩოში და ორივეჯერ უარი მითხრეს მიზეზების დეტალური განმარტების გარეშე. მომცეს ყვითელი ფურცელი, სადაც წერია, რომ მათი აზრით, მგზავრობის მიზანი ემიგრაციულია და არა აკადემიური. ფიქრობენ, რომ იქ წავალ და დავრჩები, რადგან სამშობლოსთან, საქართველოსთან სუსტი კავშირი მაქვს. ეს უცნაურია, რადგან უნივერსიტეტთან კონტრაქტი მაქვს. იქ მხოლოდ ასპირანტურა კი არა, სწავლებაც შედის. ლოს-ანჯელესში ვასწავლიდი რუსულ ენას, სოციოლოგიის შესავალს. რამდენიმე ადგილას მიწვეული ლექტორი ვიყავი. მუდმივად გამოვდივარ კონფერენციებზე. ეს არის სწავლებაც და კვლევაც“, – ჰყვება ის.

სხვაობა

რუსეთის ფედერაციაში, აშშ-სა და ევროკავშირში მიღებული განათლების შეჯამებისა და შედარებისას, სიმონმა მივიდა დასკვნამდე, რომ განათლების ევროპული მოდელი პროფესიული მიღწევებისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ევროპა სამშობლოდან ისე შორს არ არის, როგორც აშშ, ხოლო რუსეთის ფედერაციაში არსებულმა ვითარებამ საბოლოოდ ჩაკეტა გზა განსხვავებული აზრისთვის.

„პირველ რიგში, სწავლა უფასოა. ამასთანავე, გერმანიაში სწავლის ბევრი შესაძლებლობაა – მე გერმანიის შესახებ მეტი ვიცი. შეგიძლია ისწავლო ინგლისურ ენაზე, ან ინგლისურისა და გერმანულის კომბინაციით. გარდა ამისა, გერმანულიც რომ არ იცოდე, არსებობს კურსები. შეგიძლია იარო, ისწავლო ენა, რომ მოხდეს შენი ინტეგრაცია და შეძლო ურთიერთობა. შემდეგ მოდის სამედიცინო სისტემა. აშშ-ში, ღმერთმა არ ქნას, რამე დაგემართოს, შეიძლება ათეულობით ათასი დოლარის გადახდა მოგიწიოს. ადამიანები ხანდახან ფეხს ტეხენ და სასწრაფო დახმარებას ვერ იძახებენ – გაურკვეველია, რა თანხებზე იქნება საუბარი. ევროპაში კი ეს ყველაფერი როგორღაც გათვალისწინებულია. ევროპული ღირებულებები, რომლებზეც ვსაუბრობთ, რა არის? ეს არის სოციალური გარანტიების სისტემა. ეს არის თანასწორობა. ადამიანები უნდა იყვნენ თანასწორნი. არ უნდა არსებობდეს დიდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის“.

ევროპაში მიღებული გამოცდილება სიმონს ყველაზე მეტად მოეწონა, როგორც განათლებისა და სოციალური პროექტების, ისე თვითშეგრძნების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების განცდის თვალსაზრისით.