საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით სულ 420,45 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა. ამ თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი — 78,97 მლნ აშშ დოლარი — თურქეთში გადაირიცხა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოცემა „Business People News“ იმ ათი ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი სახსრები გადაიგზავნა:
თურქეთი – 78,976 მილიონი დოლარი
აზერბაიჯანი – 66,006 მილიონი დოლარი
რუსეთის ფედერაცია – 48,074 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა – 27,765 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი – 23,074 მილიონი დოლარი
უზბეკეთი – 20,487 მილიონი დოლარი
ყაზახეთი – 16,949 მლნ დოლარი
იტალია – 15,159 მლნ აშშ დოლარი
აშშ – 14,045 მილიონი დოლარი
გერმანია – 12,427 მლნ აშშ დოლარი
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოდან ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11,2%-ით გაიზარდა. 2024 წელს ქვეყნიდან 378,006 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გზავნილები განხორციელდა.
რაც შეეხება 2026 წლის სტატისტიკას (ეროვნული ბანკის ბოლო განახლებული მონაცემები მოიცავს თებერვალს), თებერვალში ქვეყნიდან გადაირიცხა 32 966 800 აშშ დოლარი, რაც 4 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის თებერვალში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 28 709 100 აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა, ისევე როგორც 2025 წელს, გადაირიცხა აზერბაიჯანში (5,302 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთში (5,131 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთში (4,282 მილიონი აშშ დოლარი).
ზრდა დაფიქსირდა საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებშიც. კერძოდ, 2025 წელს გადმოირიცხა 3,649 მილიარდი დოლარი, ხოლო 2024 წელს — 3,361 მილიარდი დოლარი. მიმდინარე წლის თებერვალში გადმორიცხულია 295,319 მილიონი დოლარი, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 252,282 მილიონი დოლარი იყო.