„თუ გაძვირება გაგრძელდა, ფერმერებმა შეიძლება რომელიმე ოპერაცია სათანადოდ არ ჩაატარონ,“ – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს აჩენს რისკებს, რომ მოსავალი ან შემცირდეს ან დაბალი ხარისხის იყოს.

საუბარია, ძირითადად დიზელის გაძვირებაზე, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის ფერმერებისთვის, რადგან როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული ხვნა-თესვის პერიოდია, სასოფლო ტექნიკისთვის კი ფერმერები სწორედ დიზელს გამოიყენებენ.

“მოსავლის შემცირების რისკებს ვხედავ”
„ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, ფერმერები სამწუხაროდ, იძულებულენი იქნებიან, რომ აგროკალენდრით რაც არის გათვალისწინებული ის ოპერაციები, სათანადოდ არ ჩაატარონ.

ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს მოსავლის შემცირება და დაბალი ხარისხი. ამ კუთხით უფრო ვხედავ რისკებს,“ – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის ფასი რამდენიმე ეტაპად, ლიტრზე თითქმის ერთი ლარით გაიზარდა.