ახალქალაქის სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა 11 აპრილს, ნაგვისგან გაწმინდეს ახალქალაქი–ბავრას გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორია, თავშანკას ბორცვის (ოფიციალურად – ამირანის მთა) კალთებთან. ეს ტერიტორია ძლიერ იყო დაბინძურებული როგორც მიცვალებულთა მოხსენიების დღისთვის საფლავების დასუფთავების შედეგად, ისე გამვლელი ავტომობილისტების მიერ გადაყრილი ნარჩენებით.
11 აპრილს, დილაადრიან, თოვლის მიუხედავად, სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა ახალქალაქი–ბავრას გზის პირების დასუფთავება დაიწყეს.
ნაგვის დიდი ნაწილი მოსახლეობის მიერ საფლავების მოწესრიგების შემდეგ იყო დატოვებული — იმის ნაცვლად, რომ ნარჩენები კონტეინერებში ჩაეყარათ, ზოგიერთი მათგანი ნაგავს ღობის მიღმა, პირდაპირ გზის პირას ყრის.
ამ მონაკვეთზე გავლისას მრავალფეროვან ნაგავს შეხვდებოდით: ენერგეტიკული სასმელების ქილებს, ბოთლებს, მაიონეზის პლასტმასის ჭურჭელს, ცელოფნებს, მუყაოს ყუთებს, ნაგვის პარკებს, ძრავის ზეთის კანისტრებსა და ბევრ სხვა რამეს.