დღეიდან შენგენის ზონის 29 ქვეყნის გარე საზღვრებზე სრულად ავტომატიზირებული შესვლის/გასვლის სისტემა (The Entry/Exit System-EES) ამოქმედდება.

ევროკავშირმა მრავალთვიანი ეტაპობრივი გარდამავალი პერიოდი დაასრულა და 29 ქვეყნისგან შემდგარი შენგენის ზონის ყველა გარე საზღვარზე ავტომატიზირებულ შესვლა-გასვლის ახალ სისტემას, ანუ EES-ს ნერგავს.

EES საპასპორტო შტამპების ციფრული რეგისტრაციით ჩასანაცვლებლად არის შექმნილი და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს, მათ შორის, ტურისტებს, საქმიან მოგზაურებსა და ტრანზიტულ მგზავრებს პირდაპირ შეეხება.

ევროპაში მოგზაურობის წესი იცვლება – რა უნდა იცოდეთ
სისტემის, თითქმის, 10-წლიანი განვითარებისა და ექვსთვიანი ეტაპობრივი ტესტირების შემდეგ, რაც 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდა, ევროკავშირი დღეიდან, 10 აპრილიდან მისი სრული დანერგვისთვის საბოლოოდ მზად არის.

მესამე ქვეყნებიდან ჩასულ მოგზაურებს შენგენის ზონის 29-დან ნებისმიერ ქვეყანაში პირველი შესვლისას ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება მოეთხოვებათ, როგორიც არის სახის გამოსახულება და ოთხი თითის ანაბეჭდი. 12 წლამდე ასაკის ბავშვები თითის ანაბეჭდების ჩაბარებისგან თავისუფლდებიან.

ეს მონაცემები, მათი სამგზავრო დოკუმენტიდან აღებულ ინფორმაციასთან ერთად, სისტემაში სამი წლის განმავლობაში შეინახება. მოგზაურებს, რომლებიც ბიომეტრიული მონაცემების მიწოდებაზე უარს იტყვიან, ევროკავშირში შესვლა ავტომატურად დაებლოკებათ.

ტრადიციული საპასპორტო შტამპის ნაცვლად, დოკუმენტი ელექტრონულ კიოსკში უნდა იქნეს გატარებული და სასაზღვრო გადაკვეთის ყველა ფაქტი მონაცემთა ერთიან ბაზა EU-LISA-ში ჩაიწერება. კერძოდ, პროცედურა ასეთია: მოგზაური კიოსკს უახლოვდება, რაშიც ეკრანზე ნაჩვენები ფორმით ათავსებს პასპორტს და სისტემა დაადგენს, იყო თუ არა ის მანამდე დარეგისტირირებული.

თუ მოგზაური დარეგისტრირებული არ არის, მონაცემთა ბაზაში შესანახად მას სახის გამოსახულებისა და თითის ანაბეჭდების წარდგენა მოეთხოვება. თუ მოგზაური სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია, მას მხოლოდ სახის ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა მოეთხოვება. შემდეგ მას ელექტრონულ კართან ან სასაზღვრო კონტროლის ოფიცერთან გადაამისამართებენ, რომ ვიზიტის მიზნის შესახებ დამატებითი გასაუბრება გაიაროს.

ტურისტებისა და საქმიანი მოგზაურებისთვის მთავარი ზეგავლენა „90/180-დღიანი წესის“ ავტომატური კონტროლის ამოქმედებაა, რომელიც შენგენის ზონაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, მაქსიმუმ, 90 დღით ყოფნას ითვალისწინებს.

სისტემა ევროკავშირში მოგზაურის ყოფნის ყოველ დღეს თვალყურს რეალურ დროში ადევნებს.

ვადის ნებისმიერი გადაცილება დაუყოვნებლივ აღირიცხება და ჯარიმებს ან შენგენის ყველა ქვეყანაში შესვლის მრავალწლიან აკრძალვას ავტომატურად იწვევს. ამ დარღვევის შესახებ ინფორმაცია 29-დან ნებისმიერი ქვეყნის მესაზღვრისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფო შენგენის ზონის საზღვრებზე EES-ის სისტემას სხვადასხვაგვარად ნერგავს. ეს შესაძლოა, მოიცავდეს მხოლოდ ერთი აეროპორტის მქონე ლუქსემბურგს ან ათობით აეროპორტის, საბორნე პორტის, საგზაო და სარკინიგზო საზღვრების მქონე ქვეყნებს, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, პოლონეთი და ესპანეთია.

როგორც წესი, წევრი სახელმწიფოები თითოეულ საზღვარზე EES-კიოსკების რიგს აყენებენ, რომლებიც სახისა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებელი მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ 10 აპრილამდე სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდა, მისმა ეტაპობრივმა დანერგვამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო. კერძოდ, ევროკომისიის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირში საზღვრის გადაკვეთის 45 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 000-ზე მეტ ადამიანს შესვლაზე უარი ეთქვა ისეთი მიზეზების გამო, როგორიც არის ვადაგასული ან გაყალბებული დოკუმენტები, ასევე, მათი ვიზიტის მიზნის არასაკმარისი დასაბუთება. კიდევ 600-ზე მეტი მოგზაური ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველად იქნა იდენტიფიცირებული. შესვლის აკრძალვის გარდა, მათი მონაცემები სისტემაში სამუდამოდ რჩება, ანუ შენგენის 29-დან რომელიმე ქვეყანაში შესვლის ნებისმიერი ახალი მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო-საკონტროლო ზონები ამ „შავი სიით“ იხელმძღვანელებენ.

bpn.ge