ახალქალაქის განაპირას, დიდი ქართველი მწერლის, შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერის მოწყობა 4 წლის წინ გადაწყდა, თუმცა ამ პროექტის განხორციელება ჭიანურდება.

2023 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სკვერად გადაქცეულიყო, სადაც დროს გატარებას როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები შეძლებდნენ. თუმცა, არსებობდა ერთი „მაგრამ“ — ამ ადგილამდე მისვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის შემაღლებულზე, მუდმივი მოძრაობის მქონე ტრასასთან მდებარეობს.

მიუხედავად ამისა, ორწლიანი პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყო. 154 369,69 ლარად ჩატარდა მიწის სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა, ტერიტორიის კეთილმოწყობა ბოლომდე არ მიყვანილა. საქმე ისაა, რომ მერიამ პროექტში ცვლილებები შეიტანა, რის გამოც 2025 წელს ახალი ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. შეცვლილი პროექტი ითვალისწინებდა ფართობის გაზრდას, სკვერის განათებასა და ავტოსადგომის მოწყობას.

პროექტის შეცვლის შემდეგ პირველი ტენდერი 2025 წლის 17 ივნისს გამოცხადდა. ამ ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ შპს „მიკ 23“ მონაწილეობდა. სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში უზუსტობები აღმოაჩინა. ამის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე ტენდერის შეწყვეტისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ, კორექტული და სრულყოფილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის მოთხოვნით. მეორე ტენდერი 16 ივლისს გამოცხადდა, თუმცა არ შედგა. მესამე ტენდერი 6 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისიც არ შედგა. როგორც მაშინ მერიაში განაცხადეს, მიზეზი განაცხადების არარსებობა იყო.

ტენდერი „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შ. რუსთაველის ძეგლთან სკვერის რეკონსტრუქციაზე“ მეოთხე მცდელობით შედგა. მეოთხედ ტენდერი 2025 წლის 26 სექტემბერს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 7 ოქტომბერს დასრულდა. გამარჯვებული თბილისური კომპანია „პარამეტრი“ გახდა, რომელმაც 440 000 ლარი შესთავაზა (ტენდერის საწყისი ღირებულება 458 829 ლარი იყო). ახალი პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სკვერის ტერიტორიის გაზრდა, განათებისა და სკამების დამონტაჟება, ასევე გულის ფორმის ინსტალაციის განთავსება. გარდა ამისა, დაგეგმილია კიბის მშენებლობა ახალქალაქის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სკვერამდე და შემდეგ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელ ნიშნამდე.

პროექტის პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს (100 დღე 2025 წელს და 50 დღე 2026 წელს — 1-ლი მაისიდან). თუმცა, ხელშეკრულება 2025 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს სამუშაოებისთვის 100 დღე აღარ რჩებოდა. მიუხედავად 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში არსებული მშრალი და მზიანი ამინდებისა, სამუშაოები არ დაწყებულა.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა განაცხადა, პროექტი განხორციელდება და ხელშეკრულება გაფორმებულია.

„იყო პრობლემები, რომლებიც გარკვეულწილად მოგვარდა, ბოლო ტენდერი კი უკვე პროცესშია. დათბობასთან ერთად, ხელსაყრელი ამინდის პირობებში, სამუშაოები დაიწყება. როგორც პროექტით გვქონდა გათვალისწინებული – ზემოდან ქვემოთ რკინის კიბეებით – ისე გავაკეთებთ. რაც შეეხება პარკირების პრობლემას, პროექტში ის გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეს შემდგომი საკითხია. სკვერი მზად იქნება – ვნახავთ, რა მოხდება და თუ პარკირების საჭიროება წარმოიქმნება, რამეს მოვიფიქრებთ“, – ამბობს არა მოვსისიანი.