დღეს, 9 აპრილს, ახალქალაქში პატივი მიაგეს 1989 წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას დაღუპული 21 უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას.
დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, პატივისგების ცერემონია 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მდებარე პარკში გაიმართა.
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის ქართველმა და სომეხმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახალქალაქისა და სოფლების სკოლების, ასევე ახალქალაქის მომავლის სახლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, რაიონული პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა მუნიციპალური დაწესებულებისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა, მეწარმეებმა და სხვებმა. პარკში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მიუხედავად ცივი ამინდისა და დილიდან დაწყებული უხვი თოვისა.
ახალქალაქის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურმა, მამა ალექსანდრემ, დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. სიტყვით გამოვიდნენ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის მოძღვარი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ახალქალაქის საკრებულოს წევრი ჰამლეტ მოვსესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი. მათ ისაუბრეს ქართველი და სომეხი ხალხის ძმურ ურთიერთობებზე, ისტორიის მანძილზე რთულ მომენტებში ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო ტკივილის გაზიარებაზე.
ღონისძიება ასევე მოაწყვეს სოფელ ბავრისა და ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ბავრის სკოლის მოსწავლეები წარმოდგენილი იყვნენ თემატური პლაკატებით, ხოლო მე-3 სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დაღუპულთა პორტრეტები და ისაუბრეს მათი სახელით.
ავტორი არექნაზ ლულუკიანი