ფოთში, 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 1 580 204 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო და ვიზუალური კავშირების გაძლიერების გზით, დაგეგმილია სივრცის ინტეგრაცია ნიკოლაძის სანაპიროსთან.

რა მოწყობა 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაციის ფარგლებში?
უფრო კონკრეტულად, ტექნიკური დავალების თანახმად, ხეივნის რეაბილიტაციის ფარგლებში, იგეგმება:

სასეირნო და რეკრეაციული ზონების მოწყობა და განვითარება;
გამწვანებული სივრცეების და ლანდშაფტური ელემენტების განახლება;
დასვენებისა და შეხვედრებისთვის განკუთვნილი ღია სივრცეების მოწყობა;
განათების სისტემების განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
სივრცის ინტეგრაცია ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური კავშირების გაძლიერების გზით.
ამასთან, დაგეგმილია რეკრეაციული სივრცის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაც.

„პროექტის მიზანია ქალაქ ფოთში 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, სასურველია 9 აპრილის ხეივნის განვითარება განხორციელდეს ერთიანი ხედვის შესაბამისად, რაც მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის სივრცის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას. ფასადების განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესებას და ნიკოლაძის სანაპიროსთან სივრცობრივი მთლიანობის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული განვითარება უზრუნველყოფს 9 აპრილის ხეივნის ბუნებრივ ჩართვას ნიკოლაძის სანაპიროს საერთო ურბანულ გარემოში და მის გამოყენებას როგორც ყოველდღიური დასვენების, გადაადგილებისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის განკუთვნილ სივრცედ“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

bpn.ge