საქართველოში ზეთი გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით მზესუმზირის ზეთი 4.4%-ით, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 11.9%-ით გაძვირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ყიდულობს საქართველო მზესუმზირის ზეთს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მზესუმზირის იმპორტი 41%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 5.625 მლნ დოლარის ღირებულების 4 113 ტონა ზეთი, ეს კი მაშინ, როცა 2026 წლის იმავე პერიოდში 7.946 მლნ დოლარის ღირებულების 5 205 ტონა ზეთი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზეთის იმპორტი 19%-ით გაუძვირდა. უფრო დეტალურად, 2025 წლის პირველ ორ თვეში თუ 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.37 დოლარი იყო, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ღირებულება 1.63 დოლარს უტოლდებოდა.

სად ყიდულობს საქართველო მზესუმზირის ზეთს?
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ზეთის 80% რუსული იყო. კერძოდ, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ 6.374 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ზეთი იყიდა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ზეთის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

რუსეთი – 6.374 მლნ დოლარის ღირებულების 4 260 ტონა;
უკრაინა – 872.3 ათასი დოლარის ღირებულების 528 ტონა;
აზერბაიჯანი – 559.4 ათასი დოლარის ღირებულების 355 ტონა;
უნგრეთი – 131.6 ათასი დოლარის ღირებულების 58 ტონა;
იტალია – 6.6 ათასი დოლარის ღირებულების 2.9 ტონა.