აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოს დროით 02:45 საათზე გამოაცხადა, რომ შტატებმა, ისრაელმა და ირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ამოწურვამდე თითქმის 2 საათით ადრე მიიღო. როგორც ირკვევა, ზავი ითვალისწინებს 14 დღით ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას და ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის შეჩერებას. არსებული ინფორმაციით, ზავი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ირანულმა მხარემ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტის ბლოკადა ოფიციალურად შეაჩერა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრამპის განცხადებას ენერგეტიკულ ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს დროით ღამის 03:00 საათისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 18.5%-ით, $91.5 დოლარამდეა შემცირებული. ეს მაშინ, როცა დღის განმავლობაში ის $110 დოლარს აჭარბებდა. რაც შეეხება WTI-ს, ის 16%-ით, $95 დოლარამდეა შემცირებული.

როგორც ირკვევა, ამერიკული მხარისთვის დროებითი შეთანხმების საფუძველი თეირანის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა გახდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული წინადადება მოლაპარაკებებისთვის სამუშაო საფუძველს ქმნის. შესაბამისად, მხარეები საბოლოო შეთანხმების მიღწევას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეცდება. მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერილ პოსტში მიღწეულ ზავს „ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა“ უწოდა, რაც კონფლიქტის ყველა მხარის მიერ დეესკალაციას გულისხმობს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა დასახულ სამხედრო ამოცანებს უკვე მიაღწია და გადააჭარბა კიდეც, შესაბამისად, ახლა პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა.

გთავაზობთ Truth Social-ზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის სრულ ქართულ თარგმანს:

“პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და პაკისტანის ფილდმარშალ ასიმ მუნირთან გამართული საუბრების საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმები ორი კვირის ვადით შეწყდეს. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!

მათ (პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და ფილდმარშალმა) მთხოვეს, შემეჩერებინა ის გამანადგურებელი ძალა, რომელიც ამაღამ ირანში უნდა გაგზავნილიყო. ოღონდ იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდებოდა ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას.

ზავის დადები მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე აღვასრულეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო ამოცანას. ამასთან, ბევრს მივაღწიეთ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე.

ჩვენ ირანისაგან მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი მოლაპარაკებებისთვის საკმარის საფუძველს იძლევა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის წარსული დავის თითქმის ყველა პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს შეთანხმება დასრულდეს და გაფორმდეს.

ჩემთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლისთვის, დიდი პატივია, რომ ამ გრძელვადიანი პრობლემის გადაჭრას ასე მივუახლოვდით. გმადლობთ ყურადღებისთვის!

პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი”

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის პრეზიდენტი ირანს უმძიმესი დარტყმებით და სამოქალაქო ობიექტებზე მასშტაბური თავდასხმით ემუქრებოდა. ის წერდა, რომ თუ, საქართველოს დროით, ღამის 04:00 საათამდე თეირანი ტრამპის მოთხოვნებს არ დათანხმდებოდა, ირანში “ცივილიზაცია აღარ იარსებებდა”.