„მიმაჩნია, რომ ქალაქის პირობებში გამოცდები უფრო მეტად რეალურ ფაქტორებზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა იმაზე, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ BusinessPressNews-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ქალაქის პირობებში გამოცდა აუცილებელი იყო, თუმცა ის დროთა განმავლობაში უნდა დახვეწილიყო. მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ტიპური სავარჯიშოები უფრო ხაფანგს ჰგავს, ვიდრე რეალურ შემოწმებას.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გამოცდის ბევრი მონაწილე კონცენტრირებულია ისეთ წვრილმანებზე, რომლებსაც პრაქტიკულ უნარებთან კავშირი არ აქვს.
„ვფიქრობ, საქალაქო გამოცდები უფრო მეტად რეალურ ფაქტორებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ არჩევენ კანდიდატებს და მიმაჩნია, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: კომპიუტერი აფიქსირებს, რომ კანდიდატს ფეხი უჭირავს პედალზე, ე.წ. „სცეპლენიის“ პედალზე, როდესაც ის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილს მართავს. თუ სისტემა ამას დააფიქსირებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ, ის ავტომატურად თვლის ამას შეცდომად და წყვეტს, რომ კანდიდატმა წესი დაარღვია“.
თუმცა, რეალურად, ყველანი, ვინც მექანიკური გადაცემათა კოლოფით ვმართავთ ავტომობილს (არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში), მათ შორის მეც, მარცხენა ფეხს „სცეპლენიის“ პედალზე ვინახავთ, რადგან მისი გამოყენება ძალიან ხშირად და სწრაფად გვიწევს.
მსგავსი ელემენტი ზედმეტად ბევრია. გამომცდელები სწავლობენ იმას, თუ როგორ ჩააბარონ გამოცდა და არა იმას, თუ როგორ მართონ რეალურად. საგზაო მოძრაობის პრობლემებიც ამაზეა დამოკიდებული. გამოცდა უნდა ჩაიბაროს მძღოლმა, რომელმაც იცის, რა ხდება პრაქტიკაში.
უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის გარდა, არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ატარებს გამოცდას ამ ფორმატით. ყველგან თავად ინსტრუქტორი წყვეტს, იმსახურებს თუ არა პირი მართვის მოწმობას კონკრეტულ შემთხვევაში. ის არ უნდა იყოს თავიდან ბოლომდე კომპიუტერზე ან შაბლონურ ციფრებზე მიჯაჭვული.
თუ ადამიანი არ შეესაბამება დადგენილ გარკვეულ სტანდარტებს, ის იჭრება გამოცდაზე და მის გვერდით მჯდომი ინსტრუქტორი ეუბნება: „მორჩა, წადი, შენ გამოცდა ვერ ჩააბარე“. ამ შემთხვევაში, ეს უფრო ხაფანგს ჰგავს, ვიდრე რეალურ გამოცდას.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვერ შეედავები, გადაღების უფლება არ გაქვს. შესაბამისად, ვერაფერს დაამტკიცებ. დიახ, შიგნით კამერები არის, მაგრამ აპლიკანტს მათზე წვდომა არ აქვს. ამიტომ, ნებისმიერ გასაჩივრებას აზრი არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფოკუსირებულნი არიან უამრავ მეორეხარისხოვან ან უმნიშვნელო ნიუანსზე, რომლებსაც რეალურად კავშირი არ აქვთ პრაქტიკულ ჩვევებთან.
„რა თქმა უნდა, თავიდან აუცილებელი იყო შაბლონის მსგავსი რაღაცის ქონა, მაგრამ საჭიროა მისი დახვეწა და გარკვეული ფორმის მიცემა“, — ამბობს მევლუდ მელაძე.