კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს — „იმედს“, „POSTV“-ს, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ — „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა.

უწყება აცხადებს, რომ 2026 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში გამოვლინდა წამყვანების/კორესპონდენტების მიერ პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობის პრინციპისა და ფაქტების სიზუსტის დარღვევის ფაქტები, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

რას აჩვენებს კომისიის მონიტორინგი:

„იმედის“ შემთხვევაში დაფიქსირდა 4 დარღვევა — წამყვანები ახალ ამბებს პირადი შეხედულებებისა და საკუთარი დამოკიდებულების საფუძველზე აშუქებდნენ.

„POSTV“-ის შემთხვევაში გამოვლინდა 7 დარღვევა, რაც ეხება საინფორმაციო პროგრამების წამყვანების მიერ პირადი აზრის გამოთქმის აკრძალვასა და ფაქტების ზუსტად გადაცემის მოთხოვნას.

„ტვ პირველმა“ კანონი 18-ჯერ დაარღვია — დაფიქსირდა ახალი ამბების გაშუქება წამყვანების/კორესპონდენტების პირადი მტკიცებულებებისა და დამოკიდებულებების საფუძველზე, მხოლოდ ერთი მხარის წარმოჩენა (მოვლენების ცალმხრივი გაშუქება) და სიზუსტის მოთხოვნის დარღვევა.

„ფორმულას“ შემთხვევაში გამოვლინდა 20 დარღვევა: მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, კერძოდ — ახალი ამბების გაშუქება პირადი მოსაზრებებისა და ფაქტებისადმი საკუთარი დამოკიდებულების საფუძველზე. ასევე, ტელეკომპანია არ იცავდა ბალანსს — წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარე.

საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ კრძალავს ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გაშუქებას პირადი მოსაზრებებისა თუ მაუწყებლის სარედაქციო განწყობის საფუძველზე. კომუნიკაციების კომისიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საინფორმაციო პროგრამებში პირადი აზრისა თუ დამოკიდებულების გამოხატვის შეზღუდვა, ისევე როგორც ბალანსისა და ფაქტების სიზუსტის დაცვა, ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ მიიღონ ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოში ძალაში 2025 წლის 1 აპრილიდან შევიდა. 2025 წლის 1 ივნისამდე კომისია განიხილავდა დარღვევის შემთხვევებს, თუმცა არ იყენებდა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.

ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში „იმედის“, „POSTV“-ის, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიმართ ანალოგიური დარღვევებისთვის სანქციები არ ყოფილა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა — განმარტეს უწყებაში.