ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მეტყველებისა და ქცევის თავისებურებების მქონე ბავშვთა რაოდენობის ზრდაზე. ბევრისთვის ეს საგანგაშო ტენდენციაა, რომელიც განიხილება როგორც „პრობლემა“ ან „ნორმიდან გადახრა“. ამ ბავშვებს ხშირად აღიქვამენ როგორც „სხვანაირებს“, „რთულებს“ ან „პრობლემურებს“, თუმცა, შესაძლოა, ისინი უბრალოდ სხვანაირად აღიქვამენ და გრძნობენ ამ სამყაროს.
ქცევისა და მეტყველების თავისებურებების მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: მეტყველების განვითარების შეფერხება ან დარღვევა, კომუნიკაციის სირთულეები, ყურადღებისა და კონცენტრაციის პრობლემები, ასევე ემოციური თვითრეგულაციის სირთულეები. ყოველივე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით: ნევროლოგიური, განვითარებასთან დაკავშირებული, ეკოლოგიური თუ სოციალური მიზეზებით.
ბავშვები არ ირჩევენ საკუთარ ქცევას ან სირთულეებს. ეს მათი განვითარების თავისებურებებია, რომლებიც, მშობლებისა და გარშემომყოფების შესაბამისი დამოკიდებულებისა და ქცევის წყალობით, შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში პრობლემად იქცეს ან, პირიქით -უპირატესობად გარდაიქმნას.
მეტყველებისა და ქცევის დარღვევების მქონე ბავშვთა რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის ჩვენთანაც, სამცხე-ჯავახეთში.
ახალქალაქში მოღვაწე ლოგოპედ-დეფექტოლოგი ტათევ მოსოიანი ამბობს, რომ განვითარების დარღვევებისა და პრობლემების მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ამ ტენდენციას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე მშობლები ბავშვებს ტელეფონებითა და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობებით ართობენ, რამაც შესაძლოა მეტყველების განვითარების შეფერხება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ლოგოპედის თქმით, თუ მშობელი აცნობიერებს პრობლემას, მას შეუძლია ადრეულ სტადიაზევე შენიშნოს დარღვევები, მიიღოს პრევენციული ზომები და მიმართოს სპეციალისტებს, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის გამწვავების თავიდან აცილებასა და მის აღმოფხვრას.
ფსიქოლოგ-პედაგოგი, საბავშვო ბაღ „ინდიგამის“ დამფუძნებელი და სომხეთის ევროპული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ნელი ხაჩატრიანი აღნიშნავს, რომ ქცევითი სირთულეები თითქმის ყოველთვის არის რაღაცის სიგნალი: კომუნიკაციის სირთულის, გარემოსთან შეუსაბამობის, ხშირად კი – ეკრანებით გადატვირთვისა და ჭარბი სტიმულაციის.
ნელი ხაჩატრიანი მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური მიდგომა ბავშვის ქცევის მიზეზების გაგებაში, გარემოს ადაპტაციაში, გამღიზიანებლებისა და ტრიგერების გამორიცხვასა თუ მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ალტერნატიული ინსტრუმენტების მიწოდება, როგორც კომუნიკაციისთვის, ისე თვითრეგულაციისთვის.
ნელი ხაჩატრიანი მშობლებს ურჩევს:
ნუ დაელოდებით: თუ გაქვთ თუნდაც მცირედი ეჭვი ან შეშფოთება, მიმართეთ სპეციალისტს. ადრეულ ჩარევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი შედეგის მისაღწევად.
ნუ შეადარებთ თქვენს შვილს სხვებს. შედარება მხოლოდ სტრესს აძლიერებს.
ნუ უგულებელყოფთ ბავშვის განვითარების ნორმალურ ეტაპებსა და სავალდებულო მაჩვენებლებს. არ არის სწორი გავრცელებული მიდგომა: „დეიდამისმა ან ბიძამისმა 4 წლის ასაკში დაიწყეს ლაპარაკი, ჩვენც არ ვნერვიულობთ, 5 წლისთვის მაინც ალაპარაკდება“.
ფოკუსირება მოახდინეთ ძლიერ მხარეებზე. ყველა ბავშვს აქვს რესურსი, რომელიც შეიძლება განვითარების საფუძველი გახდეს.
ითანამშრომლეთ და ნუ გადააბარებთ პასუხისმგებლობას. კარგი შედეგები მიიღწევა მაშინ, როდესაც მშობელი და სპეციალისტი გუნდურად მუშაობენ, ხოლო მშობელი 40-წუთიანი მეცადინეობის შედეგებს სახლში შესრულებული დავალებებით ამყარებს.
გიყვარდეთ ბავშვი ყოველგვარი პირობების გარეშე, ისეთი, როგორიც არის. ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში -თქვენ მარტო არ ხართ, მაშინაც კი, თუ ახლა ასე გეჩვენებათ.
ძალიან ხშირად, ქცევისა და მეტყველების თავისებურებების მქონე ბავშვები კრიტიკას აწყდებიან როგორც თანატოლების, ისე უფროსების მხრიდან. ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ არ ეხმარება მათ, არამედ ამძიმებს კიდეც სირთულეებს, რაც გავლენას ახდენს თვითშეფასებასა და სოციალურ განვითარებაზე.
როდესაც საზოგადოება იწყებს განსხვავებულობის მიღებას, ბავშვის სამყაროც იცვლება. მიღება ნიშნავს ბავშვის დანახვას არა მისი სირთულეების პრიზმაში, არამედ როგორც ერთი მთლიანობის; იმის გააზრებას, რომ თითოეულ ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს და მისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
მიღების გზაზე პირველი ნაბიჯი გაცნობიერებაა. როდესაც საზოგადოებას ესმის არსი, ის წყვეტს განსჯას და იწყებს მხარდაჭერას. ყოველი ბავშვი, რომელსაც მხარს უჭერენ, ნიშნავს უფრო ძლიერ და ინკლუზიურ საზოგადოებას.
ავტორი: არეგნაზ გრიგორიანი