მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის საერთო ღირებულებამ 53,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება — 7%-ით გაიზარდა.

„ქართული ღვინის ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე, კერძოდ, გერმანიაში, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.

ღვინის ექსპორტი გაერთიანებულ სამეფოში 9%-ით გაიზარდა (86 ათასი ლიტრი), ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ფიქსირდება 4%-იანი ზრდა — 831 ათას ლიტრამდე“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.