აღდგომიდან მეორე დღე — მიცვალებულთა მოხსენიების დღეა, „მერელოცი“. ახალქალაქში მიღებულია დილიდან სასაფლაოზე გასვლა, ნათესავების, ახლობლებისა და ნაცნობების საფლავების მონახულება. აღდგომის წინა დღეს მოსახლეობა ასევე მიდის სასაფლაოზე მის მოსაწესრიგებლად: ტერიტორიას გამხმარი ბალახისა და ნაგვისგან ასუფთავებენ. მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოს შესასვლელთან ურნა დგას, მიმდებარე ტერიტორია დასუფთავების შედეგად დარჩენილი ნარჩენებით ივსება.
ზოგიერთი მცხოვრები მიიჩნევს, რომ ნაგვის ურნაში ჩაყრას ისევ იქ გადაყრა სჯობს, სადაც მათთვის მოსახერხებელია. შედეგად, პლასტმასის ყვავილები, ცელოფნები და სხვა ნარჩენები სასაფლაოს ფარგლებს გარეთ ხვდება და გზისპირა ტერიტორიასა თუ თავშანკას (ოფიც. — „ამირანის გორა“) ბორცვის ძირს აბინძურებს. კიდევ ერთ პრობლემას ხანძრები წარმოადგენს. ბალახის დაწვისას გაუცნობიერებელი მოქალაქეები ვერ ხვდებიან, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ქალაქის ერთადერთ მწვანე ზონას.
ამ გზაზე გავლისას ყველაფერს ნახავთ: ენერგეტიკული სასმელების ქილებს, არყის ბოთლებს, მაიონეზის პლასტმასის კონტეინერებს, ცელოფნებს, მუყაოს ყუთებს, ტომრებით დაყრილ ნაგავს, სამანქანო ზეთის პლასტმასის ჭურჭელსა და ბევრ სხვა რამეს. თუ ნაგვის ნაწილი გამვლელი ავტომობილებიდანაა გადმოყრილი, მეორე ნაწილი აქ სასაფლაოს დასუფთავების შედეგად გაჩნდა. როგორც ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა, მხითარ რსტაკიანმა Jnews-ს განუცხადა, 3 აპრილს სასაფლაოს ტერიტორია სპეციალურად აღდგომისთვის დასუფთავდა.
„ჩვენ პარასკევს დავასუფთავეთ ტერიტორია. ვიცი, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაგავს სადაც მოხვდება, იქ ყრის. 10 აპრილს დილით გადავწყვიტეთ, ყველაფერი ხელახლა გავწმინდოთ. ახალქალაქში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება არ გამოდის. რაც შეეხება დამატებითი ურნების დადგმას, მალე ახალ ნაკადს — 150 ცალს მივიღებთ. მათ სასაფლაოს იმ ნაწილშიც დავდგამთ, სადაც ახლა სანაგვე ურნები არ არის. ერთს „მასლოპრომთან“ დავდგამთ, ერთს — შუაში და კიდევ ერთს — „ანგსტაკართან“ (მოსასვენებელი ქვა)“, — განაცხადა მხითარ რსტაკიანმა.