7 აპრილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებაა. სომხეთში ეს რელიგიური დღესასწაული ასევე აღინიშნება, როგორც დედობისა და სილამაზის სახალხო დღე. საქართველოში მას წმინდა რელიგიური ხასიათი აქვს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის საყდრებში დღეს სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღევლინა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება, რომელიც 7 აპრილს აღინიშნება, მართლმადიდებლურ კალენდარში ერთ-ერთი 12 უმთავრესი (უფლისმიერი) დღესასწაულია. ხარება ნიშნავს „კეთილ“ ან „სასიხარულო“ ამბავს. სახარებისეული გადმოცემის თანახმად, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ეყოლებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დაბადებიდანვე ქალწული მარიამი უფალს მიეძღვნა. 14 წლამდე მომავალი ღვთისმშობელი იერუსალიმის ტაძარში ცხოვრობდა და იზრდებოდა. როდესაც ტაძრის დატოვების დრო დადგა, მთელ სამყაროში ყველაზე უმანკო ქალწული თავისი კეთილმსახურებით ცნობილ მოხუც ხუროს, იოსებს მიაბარეს, რომელსაც მისი ქალწულება და სიწმინდე უნდა დაეცვა.

ძველი ქრისტიანები დღესასწაულს სხვადასხვაგვარად უწოდებდნენ — ქრისტეს ჩასახვას, ხარებას ქრისტეს შესახებ, გამოსყიდვის დასაწყისს, ანგელოზის ხარებას მარიამისადმი, და მხოლოდ VII საუკუნეში მიენიჭა მას სახელი „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება“, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.

ერთ-ერთი ვერსიით, ხარების დღესასწაული IV საუკუნის შუა წლებში იერუსალიმის ეპისკოპოსმა, წმინდა კირილე I-მა დააწესა. სხვა ვერსიით კი, დღესასწაული ჯერ კიდევ III საუკუნეში იყო ცნობილი.

ხარების დღესასწაული უძრავია და ყოველთვის 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მკაცრი დიდი მარხვა მსუბუქდება — ქრისტიანებს თევზის მიღება შეუძლიათ. მთელი მარხვის განმავლობაში მსგავსი შეღავათი მხოლოდ ორჯერ დაიშვება: ხარებას და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის (ბზობის) დღესასწაულზე.

ყოვლისა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ 7 აპრილი დედებისა და იმ ქალების კურთხევის დღედ გამოაცხადა, რომლებიც დედობის საიდუმლოს შესაცნობად ემზადებიან. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკის კანონის „დღესასწაულებისა და სამახსოვრო დღეების შესახებ“ თანახმად, დღეს ასევე დედობისა და სილამაზის დღეა.