შესაბამისი წინადადებით პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა, რომელიც ფრაქცია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერია. კანონმდებლის თქმით, ამ ზომის მიღება დადებითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რადგან ამჟამად მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს, პრობლემები ექმნებათ დეკრეტული შვებულების ხანმოკლე ვადის გამო. ამ დროისთვის შვებულების ვადა 6 თვეს შეადგენს, ხუნდაძე კი მის ერთ წლამდე გაზრდას ითხოვს.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ პოტენციური დედა დარწმუნებული იყოს — მისი დასაქმება ხელს არ შეუშლის ოჯახსა და დედობას; რომ ბავშვის აღზრდა კარიერაში დაბრკოლება არ იქნება“, — აღნიშნა ხუნდაძემ.

მანვე წამოაყენა კიდევ ერთი ინიციატივა სამუშაო ადგილებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საბავშვო ოთახების მოწყობის შესახებ:

„იქ ბავშვის მიყვანას შეძლებენ, დედა კი ამ დროს იმუშავებს ან ისწავლის. ასევე მნიშვნელოვანია ბინებისა და მათზე არსებული ფასების პრობლემა, რის გამოც ადამიანები ოჯახის შექმნაზე უარს ამბობენ“.

ოფიციალურად აღნიშნული ინიციატივა პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებს, მრავალრიცხოვანი მოწონებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იდეა მოეწონათ.