საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი დღეს, 5 აპრილს, 12 უმთავრესი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთს — იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, იგივე ბზობას აღნიშნავს.

ბზობის დღესასწაული ეფუძნება სახარებისეულ თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა იესო ქრისტე იერუსალიმში თავის ვნებამდე და აღდგომამდე. წინა დღეს მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, რის გამოც ხალხი მაცხოვარს პალმის რტოებით შეეგება. სწორედ ამიტომ, დასავლურ ეკლესიაში ამ დღეს პალმის კვირას უწოდებენ.

საქართველოში ამ დღესასწაულს უხსოვარი დროიდან ბზობა ეწოდება. ტრადიციისამებრ, ამ დღეს იკურთხება ტირიფის ტოტები და კოლხური ბზა, ყველა ტაძარში კი საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

ყოველწლიურად, ბზობის დღესასწაულის წინ, საქართველოს საპატრიარქო და მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გაანადგურონ ბზა და თავად გააშენონ იგი, რადგან ეს მცენარე „წითელ წიგნშია“ შეტანილი. გარდა ამისა, ბზობისთვის სანერგე მეურნეობებსა და ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისი რაოდენობის სპეციალურად გამოყვანილი მცენარე იყიდება.

ბზობის კვირათი იწყება დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა — ვნების შვიდეული. ეკლესიისთვის ეს არის იესო ქრისტეს ტანჯვისა და ჯვარცმული სიკვდილის გახსენების პერიოდი. ამ კვირის განმავლობაში მორწმუნეები განსაკუთრებით მკაცრ მარხვას იცავენ.