დღეს, 4 აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის წინა ღამეს — ჭრაგალუიცს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაშიც აღევლინა.

ქრისტეს დაკრძალვის მოგონების დღეს და დიდ აღდგომამდე ბოლო დღეს ვნების, ანუ დიდი შაბათი ეწოდება. დიდი შაბათი ეძღვნება იესოს ტანჯვის, სიკვდილისა და დაკრძალვის მოგონებას. ჯვარცმისა და გარდაცვალების შემდეგ, ღვთისმოსავმა ადამიანებმა მისი ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნეს და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს, რომლის შესასვლელიც დიდი ლოდით დაახშეს. სამი დღის შემდეგ მოწაფეები სამარხთან მივიდნენ, რათა უფლის ცხედრისთვის სურნელოვანი ზეთები ეცხოთ.

ქრისტე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მესამე დღეს აღსდგა. მაცხოვრის სულმა სამარხში დატოვა სხეული, ჩავიდა ჯოჯოხეთში მართალთა სულების გამოსახსნელად, მათთვის „სამოთხის კარიბჭის“ გასაღებად და სიბნელის გასაფანტად.

დიდი შაბათის საღამოს სრულდება ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია. „ჭრაგალუიცი“ ნიშნავს „ღვთიურ ნათელს ზეციდან“. ძველად ყოველ კვირას ნავთის ლამპრებში ზეთს ასხამდნენ და ანთებდნენ. მოგვიანებით, ჭრაგალუიცი ეწოდა საღამოს ლიტურგიას, რომელიც ჩვენს ეკლესიებში მხოლოდ შობისა და აღდგომის წინა საღამოს აღევლინება.

დიდი შაბათის საღამოს ლიტურგიის შემდეგ ცხადდება კეთილი ამბავი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახებ — „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა“. სწორედ ამ საღამოს სრულდება დიდი მარხვა.