ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრს კიდევ ერთი ნაგავმზიდი ავტომანქანა დაემატა. აღნიშნული ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერი მერიამ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მანქანის შესაძენად 401 835 ლარი გამოიყო. ტექნიკა უკვე ადგილზეა და ამჟამად საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მცირე ზომის ნაგვის კონტეინერების მომსახურებისთვის ახალი ნაგავმზიდის შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა. საწყისი ღირებულება 408 579 ლარს შეადგენდა. კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ „ჯი თი ჯგუფი“, რომელმაც ტექნიკის მოწოდება 401 835 ლარად უზრუნველყო.
მუნიციპალიტეტში ნაგავმზიდი მანქანების ნაკლებობა იგრძნობოდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის განცხადებით, არსებული ტექნიკა დატვირთვას ძლივს აუდიოდა.
მუნიციპალიტეტში ნაგვის კონტეინერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ნარჩენების გატანის სისტემა კი სულ უფრო მეტ სოფელს მოიცავს. უახლოეს მომავალში სერვის-ცენტრი კიდევ 150 კონტეინერს მიიღებს.
ახალი მანქანის მიღების შემდეგ, სერვის-ცენტრში ნაგავმზიდების საერთო რაოდენობამ შვიდს მიაღწია.
„ჩვენი მუნიციპალიტეტი დიდია და ნაგავიც ბევრია. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ტექნიკა საკმარისი. ხდება ხოლმე, რომ მანქანები დღის განმავლობაში ერთი მიმართულებით ორ რეისს ასრულებენ. ახლა ახალი კონტეინერების მიღებას ველოდებით: მათ იმ სოფლებში დავდგამთ, სადაც საერთოდ არ არის, ასევე დავამატებთ იქ, სადაც მათი ნაკლებობაა. მას შემდეგ, რაც საკრებულო მძღოლის შტატს დაამტკიცებს, მანქანა მუშაობას დაიწყებს“, — განაცხადა მხითარ რსტაკიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა საქალაქო სასაფლაოს ტერიტორია დაასუფთავეს. ამ პერიოდში დასუფთავების სამუშაოები სოფლის სასაფლაოებზეც მიმდინარეობს, რაც ნაგვის მოცულობას ზრდის, ამიტომ ტექნიკა ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს ერთი მიმართულებით.
რსტაკიანის თქმით, ნაგვის გატანის სამუშაოები უკვე ჩატარდა სოფლებში — ზაკსა და ხოსპიოში, ასევე მიღებულია განაცხადი სოფელ იხტილადან.