ახალქალაქის ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც წყალზე მრავალათასიანი დარიცხვები მიიღეს, განგაშის ზარს კვლავ სცემენ. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებს, რომლებიც დაჰპირდნენ ბიზნესს, რომ საჩივრების შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადასცემდნენ, ამ საკითხზე ჯერჯერობით სიახლე არ აქვთ. ამასობაში, მოსახლეობა კვლავ ჩივის „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ახალქალაქის სერვის-ცენტრის არაეფექტური მუშაობის გამო.
ახალქალაქის ბიზნეს-ოპერატორების შეხვედრა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონულ მენეჯერთან, დავით ელიაურთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგოლაძესთან, 24 მარტს შედგა. მაშინ ისინი დაჰპირდნენ, რომ ბიზნესის საჩივრებს ზედმეტად მაღალ დარიცხვებთან დაკავშირებით და წერილობით წარდგენილ სხვა პრეტენზიებს მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადასცემდნენ.
ამ საჩივრებთან დაკავშირებით კომისიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, არ ვიცი, რა იქნება პასუხი. მე წერილი გადავეცი, გადაწყვეტილებას კი მარეგულირებელი ეროვნული კომისია იღებს“, — განაცხადა ტელეფონით კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა დავით ელიაურმა.
აღნიშნულ შეხვედრას ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რუბენ პალიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ბიზნეს-ოპერატორებისა და მოსახლეობის პრობლემებს იცნობენ.
„ეს ბიზნეს-ოპერატორებისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკითხია, თუმცა, მთლიანობაში, მას საზოგადოებრივი მნიშვნელობაც აქვს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს“, — თქვა რუბენ პალიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნაირი ირიციანმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკრებულოს, აღნიშნა, რომ კომპანიასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა არასდროს ჰქონიათ.
„ისინი ცალკე ორგანიზაციაა. ჩვენ მხოლოდ ხანდახან მივმართავდით თხოვნით, მაგალითად, ჭების თავსახურების შეცვლის თაობაზე. თუმცა ვიცი, რომ მოსახლეობა მუდმივად უკმაყოფილო იყო მათი მუშაობით — პრობლემები დაგვიანებით გვარდებოდა“, — აღნიშნა ირიციანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა წყალმომარაგების პრობლემებს. მისი თქმით, მთავარი წყალსადენი გადის სოფლებზე — კულიკამსა და ბავრაზე, სადაც მოსახლეობა მილებს ხვრეტს და ნათესებს რწყავს. ზაფხულის პერიოდში ეს ქალაქში წყლის დეფიციტს იწვევს, განსაკუთრებით კი — მრავალსართულიან კორპუსებში.
ირიციანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კომპანიას წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მოდერნიზება არ განუხორციელებია.
„კომპანიის შექმნიდან 15 წლის განმავლობაში არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კანალიზაციის მხრივ: რიგ ადგილებში ჩამდინარე წყლები ღიად მიედინება — შოთა რუსთაველის ძეგლთან, სადაც დაახლოებით 500 მეტრზე ღია ნაკადია, სოფელ ბავრაში, ყოფილი ხორცკომბინატის მიმდებარედ და სხვაგან. ამ პრობლემების გამოსასწორებლად არცერთი ლარი არ დახარჯულა, არ გამოუყვიათ ფინანსები, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაეუმჯობესებინათ“, — განაცხადა მან.
ნაირი ირიციანის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალსადენის მოდერნიზებაზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია იქაც არ მომხდარა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი არც წყალსადენის და არც კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, მაშინ როცა ისინი დიდი ხანია ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს.
ახალქალაქის მაცხოვრებლები სერვის-ცენტრის მუშაობაზეც ჩივიან: წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემები ან საერთოდ არ გვარდება, ან ძალიან დიდი დაგვიანებით წყდება. ამასთან, მათი თქმით, კომპანია აბონენტებისგან გაზრდილ გადასახადს მოითხოვს, თუმცა მომსახურების ხარისხს არ აუმჯობესებს.
ბოლო დროს ბიზნესის წარმომადგენლებმა დაიწყეს ფოტო და ვიდეომასალის გადაღება, სადაც ჩანს, რომ სასმელი წყალი მუდმივად იღვრება ბუნებაში ან სხვადასხვა ტერიტორიებზე, რაც საერთო სისტემაში წნევაზე აისახება. დაბალი წნევის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მრავალსართულიან სახლებში იგრძნობა: უკვე რამდენიმე წელია, მაცხოვრებლები სუსტ ნაკადზე ჩივიან, რის გამოც წყალი ზედა სართულებამდე ვერ აღწევს. ახალქალაქის სერვის-ცენტრში არაერთი მიმართვის მიუხედავად, ზომები დღემდე არ არის მიღებული.