საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ მოახდინა. ამ ჯგუფში ფასები 7,5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,57%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: თევზი – 21,2%-ით, ხილი და ყურძენი – 13,4%-ით, პური და პურპროდუქტები – 9,6%-ით.

ხორცი და ხორცის პროდუქტები 9,6%-ით გაძვირდა, ზეთი და ცხიმები – 7,7%-ით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5,3%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – 4,9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 4,5%-ით. ფასები ყავაზე, ჩაისსა და კაკაოზე 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2,1%-ით გაძვირდა.

ტრანსპორტი: ამ ჯგუფში ფასები 4,0%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7,3%-ით) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,7%-ით).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები გაიზარდა 9,8%-ით, რამაც საერთო ინდექსზე 0,48 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ძირითადი ზრდა დაფიქსირდა სხვა კატეგორიებში გაუთვალისწინებელ პირად ნივთებზე (58,1%), დაზღვევაზე (8,5%) და პირად ჰიგიენაზე (4,3%).

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 6,2%-ით, რაც საერთო ინდექსზე 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა. ამ პერიოდში ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4,6%).