მარეგულირებელმა კომუნალური კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, აბონენტთა საჩივრების საფუძველზე დაწყებული შემოწმების შედეგად, 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ავრცელებს.
როგორც კომისიაში განმარტეს, ადმინისტრაციულმა წარმოებამ კომპანიის მუშაობაში არაერთი სისტემური პრობლემა გამოავლინა. კერძოდ, მარეგულირებელმა დააფიქსირა შეფერხებები სადავო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებისას, გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის ქმედითი გეგმის არარსებობა, ასევე მარეგულირებლის მხრიდან ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების იგნორირება.
სემეკ-ში გააფრთხილეს კომპანია, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ გაორმაგებული საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული.
GWP ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი წყალმომარაგების ოპერატორია, რომელიც თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს სრულ მომსახურებას უწევს. კომპანია 700 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება და უზრუნველყოფს როგორც სასმელი წყლის მიწოდებას, ისე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მუშაობას.
GWP-ის მმართველი კომპანიაა „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“ (Georgia Global Utilities), ხოლო საკონტროლო პაკეტს (80%) 2022 წლიდან ესპანური FCC Aqualia ფლობს — წყალმომარაგების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი ევროპაში.
მასალა მომზადებულია apsny.ge-ის მიხედვით