ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოავლინა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ხუთი პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023–2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა სულ 12 ხელშეკრულება, რომლებიც ეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვებს, საერთო ღირებულებით 26 513 573 ლარი. შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა ხელშეკრულებების პირობების შესრულება ქვეკონტრაქტორი კომპანიების: შპს „GIDS“-ის, შპს „Bades“-ისა და შპს „Alion“-ის სასადილოებს გადასცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, დასახელებულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში — 2024, 2025 და 2026 წლებში — ყოველდღიურად არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა 14 451-მდე ბენეფიციარს და ჯეროვნად არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, მათ გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად მიითვისეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 3 529 000 ლარი.“

„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25-ე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა და საჯარო მოხელეს: იმოქმედეთ კეთილსინდისიერად, რადგან ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაქცია, ხოლო კორუფციასთან ბრძოლა იქნება მუდმივი და შეუქცევადი“, — განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.