„ევროპას არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რით შეიძლება ჩანაცვლდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მისი დაშლის შემთხვევაში“, — წერს Politico. გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს მათი რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებზე ნატოსთან დაკავშირებით და რით შეიძლება შეიცვალოს ეს ბლოკი.
„ალიანსი პარალიზებულია. მათ შეხვედრების ჩატარებაც კი არ შეუძლიათ. სრულიად ნათელია, რომ ნატო უკვე იშლება. ჩვენ ვერ დაველოდებით ორგანიზაციის სრულ გაქრობას“, — აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ Politico-სთან საუბარში.
ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ნატოს მუდმივი კრიტიკა ასუსტებს ალიანსს, რადგან ის ეფუძნება თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი წევრის დაცვის მზაობის პრინციპს. როდესაც ეს ვალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ნატო კარგავს თავის შემაკავებელ როლს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც Politico წერს, ევროპელებს ჯერჯერობით არ აქვთ მკაფიო პასუხი იმაზე, თუ როგორ აღადგინონ ალიანსის ავტორიტეტი ან რით ჩაანაცვლონ იგი.