შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა – ამის შესახებ განცხადებას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

ასევე, განცხადების თანახმად, „შეჩერებულია შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი“.

„ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი, რაც იძლევა შესაძლებლობას, დროებით შემოღებულ იქნას სავიზო მოთხოვნები ახალი საფუძვლებით. ეს საფუძვლები მოიცავს მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შედეგად. ევროკავშირმა გადაწყვიტა აამოქმედოს ეს დებულებები საქართველოს მიმართ. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის შეთანხმების შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.