მთავრობამ მოიწონა კომპანია „არაკალი“ LLC-ის მიერ ჩატარებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არაკალის ჰესის მშენებლობისთვის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ასევე დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც უნდა გაფორმდეს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „არაკალს“ შორის.

სად იგეგმება ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენება?

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავანზე. არაკალის ჰესის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ-ს შეადგენს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეკოლოგიური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გასცა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სათხის თემი), საღამოს ტბის მახლობლად, მდინარე ფარავანზე დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას, რომელიც (90%-იანი წყალუზრუნველყოფის შემთხვევაში) 24,03 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, დაგეგმილი ჰესის ინფრასტრუქტურის განთავსება გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

„ჰესი მოიცავს შემდეგ ძირითად ინფრასტრუქტურას: ჰესის სათავე ნაგებობას, ჰესის დამწნეხ მილსადენს და ჰესის აგრეგატების შენობას. უახლოესი საცხოვრებელი შენობა ჰესის შენობიდან 1100 მეტრში მდებარეობს (სოფელი პატარა არაკალი), სამშენებლო ბანაკი №2-დან — 1200 მეტრში, სამშენებლო ბანაკი №1-დან (სოფელი დიდი არაკალი) — 4800 მეტრში, ხოლო ინერტული მასალების ნაყარიდან (სოფელი დიდი არაკალი) — ასევე 4800 მეტრში. ჰესის საპროექტო ხარჯი იქნება 7,6 მ³/წმ, ეკოლოგიური ხარჯი — 0,80 მ³/წმ, ხოლო წყლის ნომინალური დონე ზედა ბიეფში — ზღვის დონიდან 1995 მეტრი“, — ნათქვამია 2025 წლის მაისის ეკოლოგიურ გადაწყვეტილებაში.

ვის ეკუთვნის პროექტის განმახორციელებელი კომპანია?

შპს „არაკალი“ საჯარო რეესტრში 2020 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორია გიორგი გოგავა. ბოლო მონაცემებით, „არაკალის“ აქციების 75%-ს ფლობს შპს „ლონგშიფ ენერჯი“ (Longship Energy), ხოლო 25%-ს — ვახტანგ ბარბაქაძე.

რაც შეეხება კომპანია „ლონგშიფ ენერჯის“, რომელიც „არაკალის“ ერთ-ერთი მფლობელია, ის ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის აქციებს თანაბარი წილებით ფლობენ ზვიად ალავიძე და დავით უგრელიძე.