ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მერიისა და საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერები სატრანსპორტო მომსახურებაზე მონაწილეთა არარსებობის გამო ჩაიშალა. როგორც შემსყიდველები, ისე პოტენციური შემსრულებლები ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად საწვავის ფასების არასტაბილურობას ასახელებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სატრანსპორტო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები წელს ზედიზედ სამჯერ ჩაიშალა. საუბარია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გადაყვანებზე, ასევე მერიის სხვადასხვა ღონისძიებების მომსახურებაზე.

პირველი ტენდერი 9 თებერვალს გამოცხადდა, რომლის ბიუჯეტიც 49 999 ლარს შეადგენდა. მეორედ იგივე თანხით ტენდერი 26 თებერვალს გამოცხადდა. მესამედ, 20 მარტს, ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა და 64 999 ლარი გახდა. მიუხედავად ამისა, სამივე შემთხვევაში განაცხადი არავინ შეიტანა და კონკურსები არშემდგარად გამოცხადდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როზა იორდანიანმა, სიტუაციის კომენტირებისას აღნიშნა:

„ვერ გეტყვით, რატომ არავინ მონაწილეობს კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ თანხებს ვზრდით. შესაძლოა, ეს ბენზინის გაძვირებას უკავშირდებოდეს“, — განაცხადა როზა იორდანიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ასევე ორჯერ გამოაცხადა ტენდერი ქალაქიდან და სოფლებიდან ბავშვების სოფლის ბაღებში ტრანსპორტირებაზე.

პირველი ტენდერი 4 მარტს გამოცხადდა, რომლის ბიუჯეტი 402 025 ლარი იყო, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა 2027 წლის თებერვლის ბოლომდე განისაზღვრა. თუმცა, კონკურსი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა.

მეორედ მომსახურების ვადა 2026 წლის ბოლომდე შემცირდა, ტენდერში ბიუჯეტი კი 330 993 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, საერთო შესყიდვის ფასი გაიზარდა. ამ ტენდერზე განაცხადების მიღება 14 აპრილამდე გაგრძელდება.

საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატურიანი, მონაწილეთა ნაკლებობას ასევე საწვავის ფასების ზრდას უკავშირებს:

„დიზელი გაძვირდა, ამიტომ მონაწილეები არ იყვნენ. ჩვენ თანხა გავზარდეთ, მაგრამ საწვავი თითქმის ყოველდღე ძვირდება. ამ ეტაპზე ბავშვების ტრანსპორტირება პირდაპირი ხელშეკრულებებით ხორციელდება, რათა პროცესი არ გაჩერდეს. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად მონაწილეები გამოჩნდებიან“, — განაცხადა მან.

ინდივიდუალურმა მეწარმემ, გრიგოლ წურწუმიამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბავშვების ტრანსპორტირების ტენდერებში იმარჯვებს, სიტუაცია ასე განმარტა:

„სპორტსკოლის ტენდერში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. რაც შეეხება საბავშვო ბაღების გაერთიანებას — ვმონაწილეობდით და მოვიგეთ კიდეც, მაგრამ ტენდერი გაუქმდა, რადგან პირობები შეიცვალა. ჩვენ ძველი პირობებით გავიმარჯვეთ. ხოლო მერიის ტენდერებში უკვე ორი წელია აღარ ვმონაწილეობ — ვეღარ ვასწრებ“, — აღნიშნა მან.

იგი ბავშვების ტრანსპორტირებას პირდაპირი ხელშეკრულებებით ახორციელებს, რათა პროცესი ახალი ტენდერის ჩატარებამდე არ შეჩერდეს.

წურწუმიამ ასევე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კონკურსებში პრიორიტეტი ადგილობრივ კომპანიებს მიენიჭებოდა:

„საკმარისი ტრანსპორტი მყავს და მზად ვარ მონაწილეობისთვის, თუკი ეს ჩემთვის მომგებიანი იქნება. თუმცა დღეს საწვავის ფასები გაიზარდა. თუ ადრე 1 კმ-ის ღირებულება 2 ლარი იყო, ახლა დაახლოებით 2,40-ია. დიზელი 3 ლარი ღირდა, ახლა კი — დაახლოებით 3,70. მაგრამ ასეც ხდება, შემოსავალი ყოველთვის სტაბილური არ არის“, — აღნიშნა მეწარმემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თავისუფალი ტრანსპორტირების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საწვავის ფასები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, იზრდება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოში ბენზინი ლიტრზე 17-დან 75 თეთრამდე გაძვირდა.