ღრმა ორმოები ახალქალაქის გზებისთვის ჩვეული სურათია. თუმცა, ისინი ცენტრალური მაგისტრალის იმ მონაკვეთზეც გაჩნდა, რომელსაც ექვსი წლის წინ საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. მხოლოდ 30 მარტს, წვიმიან ამინდში, აღმაშენებელი-აღამალიანის კვეთაზე 10-მდე ავტომობილის საბურავები და დისკები დაზიანდა.

აღმაშენებლის ქუჩა ცენტრალური მაგისტრალის ნაწილია. წვიმის წყალი ქუჩაზე ბზინავს და ფარავს ღრმა ორმოებს, რომლებიც აღამალიანის ქუჩასთან გადაკვეთაზე მდებარეობს. ეს ორმოები უნებლიე მახედ იქცა იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც მათი მდებარეობა ჯერ არ შეუსწავლიათ და დამახსოვრებული არ აქვთ. იქ ორი ორმო გვერდიგვერდ არის: ერთს თუ აარიდებ თავს, მეორეში ჩავარდები. ხდება ისეც, რომ არჩევანის გაკეთება გიწევს: გადახვიდე საპირისპირო ზოლზე თუ ორმოში ჩავარდე.

ამ მონაკვეთზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „Chevroni“-ს თანამშრომლების დაკვირვებით, მხოლოდ 30 მარტს, ამ ორმოებში ჩავარდნის გამო, დაახლოებით 8–9 ავტომობილი დაზიანდა. წყალი გზის შუაგულში, ასფალტის პირაპირების გასწვრივ გროვდება, რაც მალე ახალი ორმოების წარმოქმნას გამოიწვევს.

აღნიშნულ გზას საფუძვლიანი რემონტი 2020 წელს ჩაუტარდა. გზა საძირკვლიდან აშენდა, რა დროსაც მიწა 3 მეტრის სიღრმეზე ამოითხარა. ასფალტირების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა, სამუშაოები კი 2020 წელს დასრულდა. ჯამში, შეკეთდა ახალციხე–ნინოწმინდის გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთი (70-ე კილომეტრიდან 86-ე კილომეტრამდე), ანუ ახალქალაქიდან ნინოწმინდამდე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონულ ტენდერში კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-მა გაიმარჯვა, თანხით 14 749 992,92 ლარი. თუმცა, რეკონსტრუქცია საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზამ“ განახორციელა, რომელიც სუბკონტრაქტორი იყო.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ტროტუარები არასათანადოდ ასფალტირდა, არ არსებობდა საგზაო ნიშნები და მონიშვნები, რომლებიც გაცილებით გვიან გაკეთდა — მას შემდეგ, რაც არაერთი ფატალური და მძიმე დაზიანებებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, და ასევე Jnews-ის მიერ გზის სავალალო მდგომარეობასა და შეკეთების აუცილებლობაზე მომზადებული მუდმივი მასალების შემდეგ.

იმის შესახებ, რომ ამ მონაკვეთზე ორმოები უკვე გაჩნდა, ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წელს ვწერდით, ანუ გზის კაპიტალური რეაბილიტაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში. 2022 წელს საგზაო მონაკვეთზე გარანტია კვლავ მოქმედებდა და მაშინ ორმოების შესაკეთებელი სამუშაოები ჩატარდა. თუმცა, ახლა ორმოები კვლავ გაჩნდა, როგორც იმავე მონაკვეთზე, ისე სხვა ადგილებშიც.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში Jnews-ს განუცხადეს, რომ ორმოების შეკეთება მიმდინარე წელს, ამინდის დათბობასთან ერთად არის გათვალისწინებული.