შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულნი არიან თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განის, კონგოს, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები — სულ 103 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მხოლოდ მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოდან გაძევებულია 360 არალეგალი უცხოელი, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში — 904“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.