პარლამენტმა 87 ხმით, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“.

ცვლილებების თანახმად, კანონის გარდამავალ დებულებებს ემატება გამონაკლისი ნორმა, რომლის მიხედვითაც, 2026–2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით საფუძველზე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე – პირველ კლასში – სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ.

საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იმ ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ რეგისტრაციის ყველა ეტაპით. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აუცილებელი იყო მოცემული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა“, -განაცხადა თამარ მახარაშვილმა.