ევროკავშირის ორმა საკანონმდებლო ორგანომ, საბჭომ და პარლამენტმა, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის საბაჟო წესების ყველაზე მასშტაბურ რეფორმაზე 1968 წლის შემდეგ. ამის შესახებ ესტონური საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR იუწყება.
რეფორმა საშუალებას მოგვცემს შეიქმნას ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტები გლობალური ვაჭრობის გასამარტივებლად, საბაჟო გადასახადების უფრო ეფექტური შეგროვებისა და იმ ტვირთებზე კონტროლის გასამკაცრებლად, რომლებიც არ შეესაბამება მოთხოვნებს ან საფრთხის შემცველია.
საბაჟო სისტემის რეფორმირება მოხდება იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2023 წელს წარადგინა.
მაგალითად, დაწესდება ახალი მოსაკრებელი იმ შეკვეთების დამუშავებისთვის, რომლებიც გაფორმებულია პირდაპირ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. ეს მოსაკრებელი მიზნად ისახავს საინფორმაციო ტექნოლოგიების, შრომის ანაზღაურების, ბიუროკრატიული შემოწმებებისა და რისკების ანალიზის ხარჯების კომპენსირებას. მოსაკრებლის ოდენობა მოგვიანებით განისაზღვრება, თუმცა მისი საბოლოო ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ნოემბრისთვის არის მოსალოდნელი.
კიდევ ერთი ახალი ღონისძიებაა ელექტრონული კომერციის, ანუ ისეთი მსხვილი სავაჭრო პლატფორმებისადმი დამოკიდებულების შეცვლა, როგორიცაა Temu, Shein და AliExpress. მომავალში მათ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კერძოდ, ამჟამად, საქონლის ონლაინ გამოწერისას, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროდუქტი შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას. თუ პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ევროპაში უკიდურესად სახიფათოდ, ტოქსიკურად და აკრძალულად ითვლება, მომხმარებელი სოლიდური თანხით დაჯარიმდება ამგვარი მასალის იმპორტის მცდელობისთვის.
რეფორმის შემდეგ, პროდუქციაზე პასუხისმგებლობა ელექტრონული კომერციის პლატფორმებს დაეკისრებათ. კერძოდ, იმპორტიორებს მოეთხოვებათ გაცილებით მეტი ინფორმაციის წარდგენა თავიანთ საქონელზე მანამ, სანამ პროდუქცია რეალურად ევროპაში მოხვდება. მთელი ეს ინფორმაცია ცენტრალიზებულად შეინახება ევროკავშირის საბაჟო მონაცემთა ცენტრში, რომლის ამოქმედებაც 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
გარდა ამისა, 2031 წლისთვის ეს ცენტრი იმუშავებს არა მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიებთან, არამედ სხვა საწარმოებთანაც, რაც სისტემასთან ურთიერთქმედებას გაამარტივებს და დააჩქარებს. ევროპარლამენტის ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემთა დამუშავების ამ ერთიან ცენტრზე გადასვლა ჩაანაცვლებს სულ მცირე 111 ციფრულ სისტემას, რომლებსაც ამჟამად საბაჟო იყენებს. 2034 წლისთვის ცენტრის საქმიანობა ბაზრის ყველა მონაწილეზე გავრცელდება და ის ევროკავშირში საბაჟო კონტროლის ერთადერთ სავალდებულო პუნქტად იქცევა.
გრძელვადიანი რეფორმირების ღონისძიებები ასევე მოიცავს ევროკავშირის საბაჟო სამმართველოს შექმნას. ახალი სააგენტო დაეხმარება კონტროლის პრიორიტეტული ზონებისა და რისკების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრაში, ასევე კოორდინაციას გაუწევს კრიზისების მართვას საბაჟო სფეროში ევროკავშირის დონეზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საბაჟო სამმართველო მუშაობას, თუნდაც ნაწილობრივ, 2027 წელს დაიწყებს.