„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ უძვირფასეს მემკვიდრეობას, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს. „ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება.” – წერს ყაველაშვილი.
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! – წერს პრემიერ-მინისტრი და ამ მონაპოვარის გაფრთხილებაზე ამახვილებს ყურადღებას. „1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა. 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა.“ – დაწერა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლიან გზას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა, ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად საქართველო გადარჩა, შეინარჩუნა თვითმყოფადობა და თავისუფლება არა იმპერიების მხარეს დგომით, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს ყოფნით. “საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა. რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია. ის მუდმივად დგას ჩვენი ერის წინაშე. მუდმივად არის არჩევანი. და მუდამ მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ არჩევანის გადახედვას ეცდებიან.“ წერს შალვა პაპუაშვილი.